პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა.
ალექსანდრე სარიშვილი სუფსაში, აცანასა და აკეთში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, სადაც სტიქიამ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები. აცანაში, საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდასასოფლო გზა ჩახერგა. მეწყერმა დააზიანა სათავსო ნაგებობა და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის ნაწილიც.
სტიქიის შედეგად, ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელი ჭინათი გარესამყაროს მთლიანად არის მოწყვეტილი. ჩახერგილია გზა ფოცხვერეთის უბანთან. ადიდდა მდინარე სუფსა, რომელმაც საყანე ფართობები დატბორა.
მძიმე ვითარებაა სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები, ეზოები და შიდა გზები დატბორა. ძლიერმა ქარმა სუფსაში დააზიანა ათობით საცხოვრებელი სახლის სახურავი.
სტიქიის ზონაში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლა.