ლანჩხუთელი ჟურნალისტი, ლაშა სარჯველაძე სოციალურ ქსელის საშუალებით 26 მაისის დღესასწაულს ეხმაურება და ლანჩხუთელთა 14-კაციან სიას აქვეყნებს, ვინც 102 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი.
„ნოე ჟორდანია, ნოე ცინცაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მელიტონ რუსია, გრიგოლ ურატაძე, გიორგი მურვანიძე, თევდორე ღლონტი, სოლომონ ვადაჭკორია, ნიკიფორე იმნაიშვილი, ვლასა მგელაძე, პეტრე სურგულაძე, გრიგოლ ცინცაბაძე, გიორგი ცინცაძე, ვასილ წულაძე – ეს ის ლანჩხუთელები არიან, ვინც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს. მიყვარს ჩემი პატარა ლანჩხუთი თავისი ღირსეული წინაპრებით!“-წერს ლაშა სარჯველაძე, რომლის პოსტსაც არაერთი ლანჩხუთელის გამოხმაურება მოჰყვა.
„გურული მთავრობის მთავრობა იყო. მემორიალი უდა დაიდგას, ამ ადამიანების შესახებ უნდა იცოდეს ჩვენმა ქალაქმა. მელიტონი ბაბუაჩემის ძმა იყო, ამის გამო ბაბუაჩემი გადაასახლეს და მერეც სულ პრობლემები ჰქონდათ ჩემებს“, _ წერს ლანჩხუთელი მამუკა ჭყონია.
მემორიალის დადგმის იდეას არ იზიარებს კიდევ ერთი ლანჩხუთელი რომან ბიწაძე და საამისოდ მუზეუმის შექმნის იდეით გამოდის: „დგას ნოეს ბიუსტი, ვფიქრობ საკმარისია. უკეთესი იქნებოდა ქართული სოციალ-დემოკრატიის,ან პირველი რესპუბლიკის ანექსიის მუზეუმის შექმნა“.
ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე კი მცირე ისტორიულ ექსკურსს აკეთებს: „როგორც დოქტორი სტივენ ჯონსი წერს, ნიგოითში 1902 წელს დაწყებულმა მოძრაობამ გარდაქმნა მთლიანად ევროპის სოციალ-დემოკრატია. სურგულაძე “ეროვნულ-დემოკრატების” სიით შევიდა, ღლონტი “ფედერალისტების”. დანარჩენი “სოციალ-დემოკრატების”. ღლონტი მერე შეუერთდა ბოლშევიკებს, შალვა ნუცუბიძესთან ერთად. სტალინმა ორჯონიკიძეს უშუალოდ ურჩია მისი შეყვანა რევკომიტეტში. სჭირდებოდათ“.