ჯერ წინა და შემდეგ მოქმედი ხელისუფლების დროს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება, უკვე მეათე წელია, ჩოხატაურელებისთვის მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
ამ წლების განმავლობაში 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა.
მიზეზი ათასგვარია _ არასწორად დაპროექტება; მშენებელი კომპანიის არაპროფესიონალიზმი და გაკოტრება; არასწორი ზედამხედველობა და მონიტორინგი; სტიქია _ მარტივად რომ ვთქვათ, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას”, ისე “ქართულ ოცნებას” სათავისო არგუმენტები არ ელევათ და ასე დაუსრულებლად, შედეგად კი ყოველ ზაფხულს ჩოხატაურელები ყველაზე დიდი პრობლემის _ უწყლობის წინაშე აღმოჩნდებიან.
გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია _ უკვე რამდენიმე დღეა, დაბის მცხოვრებლებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.
_ რამდენი წელია, ერთი და იგივე გვესმის _ ცოტაც და, 24 საათის განმავლობაში წყალი გექნებათო. მილიონები დაიხარჯა და ისევ უწყლობით ვიხრჩობით; წყალს მიაქვს მთელი გურია და ჩვენ დასალევი წყალი არ გვაქვს; საავადმყოფოში რომ ავადმყოფს დააწვენ და წყალს რომ ბიდონით მიგატანინებენ, ამას ცხოვრება და ქვეყანა ჰქვია?! _ ასეთ კომენტარებს ჩოხატაურში ყოველდღე გაიგონებთ და თუ “გურია ნიუსის” არქივს გადახედავთ, ამ თემაზე მომზადებულ არა ერთ ჟურნალისტურ გამოძიებას ნახავთ, ხელისუფლების მიერ გაცემული იდენტური პასუხებით _ “მალე იქნება!”, თუმცა, ეს “მალე” როდის დადგება, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მილიონობით ლარი უმოწყალოდ ხარჯეს უწყლობისთვის.
გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრის უფროსი დავით ცერცვაძე ამბობს, რომ
წყლის დეფიციტი გვალვებმა გამოიწვია:
_ გვალვების გამო დებეტი არ გვაქვს. ამიტომ, მოსახლეობას გრაფიკით ვაწოდებთ წყალს, _ აღნიშნა ცინცაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, გრაფიკის შესაბამისად, წყალი დაბის მცხოვრებლებს დილის 8 საათიდან 12 საათამდე და საღამოს 6 საათიდან 12 საათამდე ექნებათ.
_ ამ ეტაპზე დამატებით სამუშაოებს ვასრულებთ, რომ გრაფიკის გაზრდა მოვახერხოთ. ცოტა წყალი უკვე მოვიძიეთ, რომლის საშუალებით, ვვარაუდობ, რომ დღის გამორთვა აღარ გვექნება და მხოლოდ ღამით გამოვრთავთ წყალს, _ გვითხრა ცერცვაძემ.