ამ მარგინალი „კმარელების“ განუვითარებლობამ მოგვცა დღევანდელი ცუდი სპექტაკლები _ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მაჟორიტარების ბიუროებთან დღეს განვითარებულ პროცესებს.
„როგორც ჩანს, ეს ადამიანები 2003 წლიდან ვეღარ განვითარდნენ. მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაც სპექტაკლებს აწყობენ, რომელსაც შემდეგ გაგრძელება არ აქვს. ნახეთ, ზოგი ოფისიდან კუდამოძუებულები გაუშვეს, ზოგან ღობეს მიახტნენ და ბოქლომები ჩამოკიდეს, ზოგან დარეკეს და გთხოვთ სამსახურებიდან არ გაგვყაროთო რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, იქნებ დაგვაკიდებინოთ ბოქლომებიო, ჩვენს მომხრეებს, მაჟორიტარებს და ხალხს სთხოვენ. ამ მარგინალი „კმარელების“ განუვითარებლობამ მოგვცა დღევანდელი ცუდი სპექტაკლები. არ გამოვრიცხავ, რომ საპროტესტო აქციაზე შეიძლება არის არაერთი გულწრფელი მოქალაქე, ვისაც მართლა სჯერა თავისი აზრის, რომ ხელისუფლება არ მოიქცა კარგად. პატივს ვცემთ, ვუფრთხილდებით მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას. ნახეთ, როგორ დაიშალა აქცია, როგორ იმოქმედა პოლიციამ და დღეს, რაც ყველაზე მთავარი იყო, პოლიციას მოუწია ხალხისგან „ნაციონალური მოძრაობის“, ბოკერიას ფრთის დაცვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.