ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრობს იმის შესახებ, თუ რას უნდა მიაქციონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით.
“ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ასაკისათვის დამახასიათებელი და ზოგადად ინფექციური დაავადებების პრევენციული ღონისძიებების დაცვასა და გატარებას, რადგანაც ბავშვთა კოლექტივებში, მაღალი მობილობის პირობებში იზრდება აღნიშნული დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების რისკი.
ამ მხრივ საყურადღებოა როგორც სასკოლო, ასევე მცირე ასაკის-საბაგო და საბაღო ასაკის ბავშვები”,_ განაცხადა ელზა სიმონიშვილმა.
ეპიდემიოლოგი კიდევ ერთხელ ახსენებს მშობლებს, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, აღსაზრდელი სასწავლო დაწესებულებაში არ უნდა მიიყვანონ.
“უპირველესად საჭიროა მშობელთა ინფორმირება იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში აღსაზრდელი არ უნდა მივიყვანოთ სასწავლო დაწესებულებაში, ასეთ დროს უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს/ პედიატრს ამა თუ იმ დაავადების გამოსარიცხად, ხოლო დადგენილი დიაგნოზის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის კურსის დასრულებას მკურნალი ექიმი დაადასტურებს სამედიცინო ცნობით, რომლის წარდგენა საჭიროა აღსაზრდელის სასწავლო დაწესებულებაში გამოცხადებისას.
ბავშვთა ასაკში და ასევე ზოგადად საბავშვო დაწესებულებაში(მ/შ პერსონალში) , სხვადასხვა გადამდები დაავადებების პრევენციასა და გავრცელების აღმოფხვრაში უდიდესი წვლილი მიუძღვის დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს: ექიმსა და ექთანს, რომლებიც ბავშვთა დაწესებულებების უმრავლეს ნაწილში გვყავს წარმოდგენილი”,_ ამბობს ეპიდემილოგი და აღნიშნავს, რომ ბავშვებს ჰიგიენური უნარები ადრეული ასაკიდან ყალიბდება და სწორედ ამ უნარების ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს მათ სასწავლო დაწესებულებათა პერსონალი მედიკოსებთან და მშობელთან ერთად.
“ექიმი/ექთანი მუდმივად უნდა აცნობდეს პედ/პერსონალსა და ბავშვებს ჰიგიენის წესებს, დაავადებათა გადადების გზებს, ამოწმებდეს პირად ჰიგიენასა და გარემოს ჰიგიენას, განსაკუთრებით – სველი წერტილებისა და კვების ბლოკის მდგომარეობას, რომლებიც ინფექციის პოტენციური რისკის შემცველი ობიექტებია”,_ ამბობს სიმონიშვილი.
გარდა ამისა, სიმონიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესის დაწყებამდე მცირე ასაკის ბავშვთა ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დაწყებამდე მცირე ასაკის ბავშვთა ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება: კანის საფარის, თავის თმიანი ნაწილის, ფრჩხილების, ყურის, პირის ღრუს სისტემატიური დათვალიერება, დაკვირვება აღსაზრდელთა და მოსწავლეთა სიმპტომებზე, საეჭვო შემთხვევებში აუცილებელია ასეთი ბავშვი გავატანოთ მშობელს, ან ვამყოფოთ დროებით იზოლირებულად”,_ თქვა სიმონიშვილმა.
რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, ეპიდემიოლოგის თქმით, როგორც ცნობილია, ვიმყოფებით პანდემიის მილევის ფაზაში, თუმცა ბოლო პერიოდში მოიმატა კოვიდ-დადასტურებების შემთხვევებმა, რომლებიც გაცილებით მსუბუქი კლინიკით მიმდინარეობს. დადასტურების შემთხვევაში საჭიროა ინფორმაცია მიეწოდოს ოჯახის ექიმს, დაცული იქნეს არსებული რეგულაციის მოთხოვნები და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება მოხდეს მხოლოდ დამახასიათებელი სიმპტომების ალაგების შემდეგ.
ავტორი