მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ყველანაირი თავშეყრა თავდაცვის საშუალებების გარეშე, არის მომატებული რისკი. მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა. გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით! არ გინდათ ორ გაჩერებაზე ავტობუსში ჩაბრძანდეთ. რა ჯობს ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას?! 2-3 კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია? – განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3 840 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.