თუ ყველა დავიცავთ ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მეორე ტალღაში არ შევიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუ არ იქნება ის მდგომარეობა, რასაც ახლა ზოგიერთ რესტორანში ვუყურებთ, პლაჟებზე იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენი სამსახურები იძლევა, შეიძლება მეორე ფაზაში შევიდეთ. ამ 3-4 თვის განმავლობაში ქართველებს დამყოლობა გვქონდა ძალიან კარგი, ამიტომაც მოვედით ამ მდგომარეობამდე. ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ვიდრე – ჩვენ ირგვლივ არსებულ ქვეყნებში. თუ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც – არჩევნების ჩატარებას ან სხვა ღონისძიებებს. ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც ზოგ მეზობელ ქვეყანაშია, ანუ ჩვენ არ მოვუფრთხილდებით ჩვენს ერთობლივ, დიდ მონაპოვარს, თუ ასე ვთქვათ „ავიშვით“ და ისეთივე თავისუფლება გვექნა, როგორც შარშან, რა თქმა უნდა, არის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი. სწორედ ამ სიტუაციის მიხედვით იქნება სამომავლოდ გადაწყვეტილება მისაღები – საჭირო გახდება თუ არა ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თუ ა.შ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს მთავრობამ პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.
ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან. მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.