კინოსურათ „ჯარისკაცის მამას“ განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. ამ ნამუშევარმა აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიაში დამსახურებული ადგილი სამართლიანად დაიკავა. ალბათ საინტერესო იქნება ამ სურათის გადაღების პერიპეტიები ხელახლა გაგვეხსენებინა. თავის დროზე ბატონი რეზო ჩხეიძე შემდეგს იხსენებდა.
„ფილმის გადაღების იდეა სცენარისტ სულიკო ჟღენტს ეკუთვნის. მე და სულიკო ერთმანეთს მოსკოვიდან ვიცნობდით, სადაც საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში ვსწავლობდით. ის სასცენარო ფაკულტეტზე იყო, მე – სარეჟისოროზე.
ერთ დღეს, თბილისის კინოსტუდიაში სულიკომ ხუთ ფურცელზე დაწერილი სცენარი მომცა და მთხოვა, რომ ყურადღებით წამეკითხა. სცენარისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მეორე დღის გადაღებაზე ვფიქრობდი. კინოსტუდიიდან რომ გამოვედი, ტრამვაიში ჩავჯექი და თან სცენარის ფურცვლა დავიწყე. სულ რამდენიმე ფურცელი იყო და სათაური ჰქონდა „ჯარისკაცის მამა“. პატარა სცენარი იყო, მაგრამ ამ ხუთ ფურცელში აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებად ეწერა. ხასიათი, იდეა, გარემო – ყველაფერი იგრძნობოდა. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო ბრწყინვალე მასალა.
მეორე დილით ბატონ სერგო ზაქარიაძეს შევხვდი და სცენარი მოკლედ მოვუყევი. რაც მეტს ვუყვებოდი, ვატყობდი, როგორ ეცვლებოდა სახე. როცა სცენარის თხრობა დავამთავრე, აღტაცებით თქვა: „ბიჭო, რა კარგი რამეა!” სერგო ატირდა, მეც ავტირდი და გადაწყდა, ამ სცენარზე ფილმი გაგვეკეთებინა.
ნახევარი წელი სცენარზე ვმუშაობდით. მერე კი დაიწყო ბრძოლა მის დასადგმელად, რადგან კინოსტუდიას არაფრით უნდოდა, რომ გადაღებები დაგვეწყო. მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია. ადამიანი ხალხის აღიარებას რომ მიიღებს, ბევრ მოყვარესთან ერთად ბევრი მტერიც უჩნდება. ასე მოხდა ბატონი სერგოს შემთხვევაშიც, რადგან მას ბევრი ემტერებოდა. სულიკოც ჯერ დიდად არ იყო კინემატოგრაფიის წრეში მიღებული, რადგან ძალიან ახალგაზრდა გახლდათ.
ერთ–ერთ კრებაზე ჩემი ფილმის გადაღება–არგადაღების საკითხი წამოიჭრა. ერთი ადამიანი გამოვიდა, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ და თქვა, მოსკოვის კულტურის სამინისტროში სცენარი არ მოეწონათ, მაგრამ, რადგან რეზო ჩხეიძეს ასე ძალიან უნდა, უარის თქმა გვერიდებაო. მაშინვე გავედი და მოსკოვში დავრეკე. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი საერთოდ არ მისულა სამინისტროში და კრებაზე ტყუილი თქვა. ნერვები ძალიან მომეშალა და იმ ადამიანს სილა გავაწანი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მოხდა. არც სკოლაში, არც მოზრდილობაში, როგორი აღშფოთებულიც უნდა ვყოფილიყავი, ხელით არავის შევხებივარ.
ფილმის გადაღებას რამდენიმე თვე მოვანდომეთ. სცენები გადავიღეთ როგორც საქართველოში, ასევე მოსკოვის სამხედრო ოლქში და ლატვიაში. გადაღებები ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ გარეშე პირების დამოკიდებულება ძალიან უარყოფითი იყო. მაგალითად, ფილმში არის ერთი ასეთი სცენა, სადაც ბატონი სერგო ვედროებით დადის და მრეცხავ ქალებს მეთვალყურეობს. ამ ეპიზოდის ჩამატება შემდეგ გადაწყდა. არადა სცენარი უკვე გაგზავნილი გვქონდა და რამის ჩამატება არ შეიძლებოდა. ამ სცენისთვის გვჭირდებოდა ტაშტები, რაშიც ქალებს სარეცხი უნდა გაერეცხათ. ტაშტები თბილისში კერძო შეკვეთით დავამზადებინეთ.
ერთ დღესაც რუსთავში ფილმის სცენას ვიღებდით. პარტკომის წარმომადგენლობა ჩამოვიდა და მითხრეს, ჩვენთან სიგნალი შემოვიდა, რომ რაღაცას იღებთ, რაც სცენარში არ წერიაო. რა თქმა უნდა, ვიუარე. მოგვთხოვეს, გვეჩვენებინა, რა გვქონდა წამოღებული. კიდევ კარგი, ტაშტები ვერ ნახეს, რადგან დამალული გვქონდა.
ეს სცენა საქართველოში ვეღარ გადავიღე და რუსეთში რომ წავედი, ვიფიქრე, იქ გავაკეთებ–მეთქი. იქაც გამომეცხადნენ პარტკომიდან და მითხრეს, თქვენი სარეცხის ნავები გვაჩვენეთო. მაშინაც როგორღაც თავიდან მოვიშორე ისინი. ბოლოს ლატვიაში რომ წავედით, ეს სცენა იქ დაუგავაზე გადავიღეთ, რადგან პარტკომიდან აღარავინ მოსულა. ასე მოიარა ჩვენმა ტაშტებმა თბილისი, მოსკოვი და რიგა.
დასრულებული ფილმი მოსკოვში 31 დეკემბერს ჩავიტანეთ. კვირადღე იყო და რედკოლეგია, რომელიც სურათს იბარებდა, არ იყო. ჩვენებას მხოლოდ კულტურის მინისტრი რომანოვი და მისი მეუღლე ესწრებოდნენ. მათ გარდა, მე და ხმის ოპერატორი – დავით ლომიძე ვიყავით და ორი კაციც ხმის აპარატურასთან იჯდა. ჩვენება რომ დაიწყო, ამ რომანოვს შევატყვე, უინტერესოდ უყურებდა. ხან ფეხებს აბაკუნებდა, ხან საათს დახედავდა, ხან მეუღლეს დაელაპარაკებოდა. ის ქალი კი ფილმს ინტერესით უცქერდა. ჩვენების დასრულების შემდეგ რომანოვი ჩემთან მოვიდა და მითხრა:
_ ამხანაგო ჩხეიძე, ამ სურათს საბჭოთა ხალხი არ ნახავს!
_ რატომ, ბატონო მინისტრო? – შევეკითხე ისე, რომ მისი სახელი არც ვიცოდი, რადგან ახალი დანიშნული იყო. ძველი რომ ყოფილიყო, ასეთ რამეს არც მეტყოდა.
_ იმიტომ, რომ თქვენი გმირი, მახარაშვილი, საბჭოთა ოფიცერს ხელს არტყამს. ეს არის წითელი არმიის წესდების დარღვევა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, კინემატოგრაფიის საშუალებით ამას აგიტაცია გავუწიოთ. ასე რომ, ამ ფილმს არ მივცემთ იმის რეკომენდაციას, რომ ფართო მასებმა ნახონ!
რომანოვმა ეს რომ თქვა, ეგრევე წავიდა. საშინელ ხასიათზე დავდექი. ახალი წელი თენდებოდა და მთელ ჯგუფს ქართველ მეგობრებთან ერთად იქაურ ქართულ რესტორან „არაგვში” უნდა გვექეიფა. ბევრი ადამიანის დაპატიჟებას ვაპირებდით, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ ფილმს შეაქებდნენ და მიიღებდნენ. მინისტრის ასეთმა შეფასებამ კი ყველას ნერვები მოგვიშალა და რესტორანში აღარ წავსულვართ. სასტუმროში დავბრუნდით და დავიძინეთ.
რამდენიმე დღის შემდეგ „ჯარისკაცის მამის” კიდევ ერთ ჩვენებაზე მიგვიწვიეს. კარი გაიღო და გენერალ–პოლკოვნიკი და 15-მდე გენერალი შემოვიდნენ. მისალმებაზევე მივხვდი, რომ ისინი რომანოვის ტყუილებით იყვნენ გატენილი, მაგრამ პირველივე ეპიზოდიდან რომ დაიწყეს გენერლებმა ტაშის კვრა და ოვაციები, ბოლომდე ასე გაგრძელდა. თან ხელით გვანიშნებდნენ, მაგარიაო. დასრულების შემდეგ მე და ხმის ოპერატორს შემოგვეხვივნენ. გენერალ–პოლკოვნიკმა გვკითხა:
_ გვითხარით, რა არ მოსწონს თქვენს მინისტრს?
_ ჩვენი ქართველი მინისტრი თვლის, რომ ეს საჭირო საბჭოთა სურათია, – ვუპასუხე გენერალ–პოლკოვნიკს.
_ არა, არა, მე მხედველობაში მყავს ამხანაგი რომანოვი.
_ რომანოვს არ მოსწონს ის, რომ სამხედრო ხელს არტყამს საბჭოთა ოფიცერს.
_ აი, თქვენი მინისტრი ვერაფერს მიხვდა. ის არ არის სამხედრო, ის მამაა. მამას კი ყოველთვის აქვს უფლება, ასე მოექცეს შვილს. სურათსაც იმიტომ ჰქვია „ჯარისკაცის მამა“. მას მთელი ქვეყანა უყურებს. გისურვებთ წარმატებას! – ასე თბილად გამოგვემშვიდობა გენერალ–პოლკოვნიკი. დანარჩენი გენერლები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ნახე, როგორი სილა გააწნაო.
ამის შემდეგ ფილმი ვინ აღარ ნახა, მათ შორის ლეონიდ ბრეჟნევმა და ეს საკითხი აღარავის წამოუწევია“.
მსახიობი გიჟური კომახიძე „ჯარისკაცის მამის“ გადაღების პროცესში მომხდარ ერთ კურიოზულ ამბავს ხშირად იხსენებდა.
„ჯარისკაცის მამას“ რომ ვიღებდით, ყველაზე მეტს მე ვნერვიულობდი. ალბათ, იმიტომ, რომ პირადად ბატონ სერგო ზაქარიაძესთან მიწევდა მუშაობა.
რაიხსტაგის აღების ეპიზოდს ვიღებთ. მე – გოდერძი მახარაშვილი – მაღლა ვარ, გამოწყობილი ტანკისტის ფორმაში და ველოდები ჩემს ეპიზოდს. წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ წუთით და გაისმა ბატონ რეზო ჩხეიძის ხმა: მატოოორრრრ!
მერე ატყდა და რა ატყდა, ასეულობით ავტომატი ისვრის ათასობით ტყვიას, ყოველივე ამას თან ახლდა ყუმბარების გამაყრუებელი ბათქი. ახლა მიკვირს, მაშინ როგორ არ დავყრუვდი. ვინც ფილმი იხილა, კი გემახსოვრებათ, რომ შტურმის შემდეგ დროებით „ზატიშიეა“.
_ შეწყვიტეთ სროლა, – ისმის მეთაურის ხმა და გერმანელებს წინადადება მისცეს, უპირობოდ დაეყარათ იარაღი.
გიორგი მახარაშვილი რომ თანამებრძოლს ეუბნება, „პრეკრატიტ, ბიჭო, პრეკრატიტო“,
ის მომენტია და მოულოდნელად ერთი ტანსაცმელჩამოფლეთილი მეომარი წამოხტა და კიბეებს ეკვეთა.
– ვპერიოოოდ, ბრატცი! ზა როდინუუუ! ზა სტალინუუუ! – იღრიალა და დაასკდა კიდევაც კიბეს. სწრაფადვე წამოხტა, მაგრამ ცხვირ–პირი სისხლით აქვს მოთუთხნული.
ვუყურებ ამ ამბავს ზემოდან, ჩემი პოზიციიდან, და ვერაფერი გამიგია, სცენარში ასეთი არაფერი ყოფილა, არც რეპეტიციებზე მინახავს ეს კაცი. აფუჭებს ამხელა ეპიზოდს. ვიღაცამ მოიფიქრა და გამოუდგნენ დასაჭერად. მომდევენოოო?! თან ავტომატიანებიოოო?! ეს რუსი სულ დაფრთხა და გადაირია.
_ ნე ვაზმიოწე, სუკი! – იყვირა და იბრუნა პირი თავდაღმა კიბეებისკენ, აქ კი ვეღარ მოზომა, ერთ ჩანგრეულ საფეხურზე ფეხი გადაუბრუნდა და მოჭრილ მუხასავით დაასკდა კიბეებს. მდევრებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ერთმანეთის მიყოლებით ბარე 5-6 ავტომატიანი წამოემხო თავზე იმ საწყალს.
საწყალი უძახე შენ, გამოძვრა მარჯვედ ამ ზედახორიდან და კვლავ აღმა ეკვეთა კიბეებს „ზა როდინუს“ ძახილით. მოკლედ, კინაღამ მარტო მოიგო ამხელა და ამდენწლიანი ომი. ძლივს დაიჭირეს.
დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელებულა. თურმე ის უბედური თავის დროზე მართლა ყოფილა ფრონტზე, მერე, როგორც ხდება ხოლმე, გალოთებულა. ფილმის გადაღების დროს, წინა ღამეს, მთვრალი შეპარულა გადასაღებ მოედანზე და ნანგრევებში მიყუჩებულს ჩაძინებია კიდევაც. გადაღების დაწყების მომენტში სროლა–ყიჟინის ხმაზე გაუღვიძია, თავი ფრონტზე ჰგონებია და იყვირებდა „ზა სტალინა“,
აბა რა ჭირს იზამდა?! საწყალი ისე იყო დასისხლიანებული, მგონი, ამდენი სისხლი ნამდვილ ომშიც არ დაუკარგავს“.