„ნიშანდობლივია, რომ უკვე უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკურ თაღლითთან, რომელმაც გარკვეულ პერიოდში პიარის მეშვეობით მოახერხა რაღაც განწყობების შექმნა, მაგრამ ყველა ხვდება, ყველა დარწმუნდა და ამაში სააკაშვილის ბოლოდროინდელმა აღიარებებმა შეუწყო ხელი, რომ ეს ადამიანი არის საერთაშორისო ავანტიურისტი და ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილმა უკვე აღიარა მძიმე დანაშაულები და ერთადერთი, რაც აქვს დარჩენილი, არის აღიარება იმისა, თუ როგორ ჩააბარა ტერიტორიები ოკუპანტ ქვეყანას და შემდეგ როგორ დააბრალა მან და მისმა გუნდმა საქართველოს და საკუთარ სამხედრო ძალებს ომის დაწყება.
„აღიარებების სერიაში მხოლოდ ერთი აქვს მას დარჩენილი. მან უკვე აღიარა მძიმე დანაშაულები, ორი დღის წინ აღიარა, რომ აქამდე იტყუებოდა ყველაფერს, ახლა ერთადერთი რაც აქვს დარჩენილი-მან უნდა აღიაროს როგორ ჩააბარა ტერიტორიები ოკუპანტ ქვეყანას და შემდეგ როგორ დააბრალა მან და მისმა გუნდმა საქართველოს და საკუთარ სამხედრო ძალებს ომის დაწყება. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული მისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან ჩადენილი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას უნიკალური შანსი აქვს დღეს, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი 12 პროცენტსაც კი ჩამორჩა, რომ ეს დამნაშავე პოლიტიკური სუბიექტი საერთოდ ჩამოაშოროს პოლიტიკურ პროცესებს და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ასეც მოხდეს 2020 წელს”, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ. (R)