ადგილობრივი თვითმმართველობის კანონით გათვალისწინებულ რეგლამენტში ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ნოემბრის პირველ დღეს ანგარიშით წარსდგა ამომრჩევლის წინაშე.
თუმცა, აღმოჩნდა რომ მერიის სხდომათა დარბაზი ფაქტობრივად, მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებით იყო გადავსებული. შესაბამისად ანგარიშის მოსმენამ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საკმაოდ ჰარმონიულ ვითარებაში ჩაიარა, გამოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტის პირველი პირი ტაშით დააჯილდოეს და რიგმა გამომსვლელებმა მერის მისამართით სამადლობელი სიტყვებიც არ დაიშურეს.
რაც შეეხება უშუალოდ მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, სარიშვილმა მიმოიხილა მიმდინარე წელს გახორციელებული პროექტები და ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურების მიერ წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ასევე, მან თავის გამოსვლაში 2020 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.