ანიტას მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ინფორმაციას ბავშვის მდგომარების შესახებ ფეისბუქზე მისი მშობლები ავრცელებენ.
„მოკლედ აღვწერ სიტუაციას, რაც ავსტრიაში ხდება: არცერთი ქვეყანა, არცერთი კლინიკა, არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა, რომ მისი ღვიძლი, თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის, რომ ჟანგბადიც არ ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა, რომ გონზე არის ბავშვი. არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ?
სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!!
“ყველაფერი კარგად იქნებას” აღარ ემორჩილება სიტუაცია!!!!“_ წერს ანიტას მამა.
ცნობისთვის, 2 წლის ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა.
თუმცა, ავსტრიამ ოპერაციაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები იტალიასთან დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ, ქვეყანამ უარი თქვა.
გუშინ გადაწყდა, რომ ანიტასთვის შესაძლებელი იყო ოპერაცია მინსკში გაეკეთებინათ და ერთგვარი შეთანხმებაც შედგა, თუმცა, სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე – “ანიტასთვის” ოჯახის ახლობელმა მარიკა ხუციშვილმა წუხელ გვიან ღამით დაწერა, რომ მინსკი ოპერაციაზე უარს ამბობს, რადგან ამ ოპერაციას იქ 10 წლამდე ბავშვებს არ უკეთებენ.
მიუხედავად ამისა, ხუციშვილი წერს, რომ მოლაპარაკებები ბელორუსთან და იტალიასთან ისევ გრძელდება, ასევე დაწყებულია მოლაპარაკება ინდოეთთან.
ანიტას ოჯახის მეგობრები და გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ანიტასთვის ოპერაციის გაკეთების მოთხოვნით აქციის გამართვასაც გეგმავენ.