პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა საპროტესტო აქციით დაიწყო. სხდომაზე დამსწრე ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა, თავზე პოლიეთილენის პარკების ჩამოცმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარების ფაქტი მდუმარე პერფორმანსით გააპროტესტა.
საკითხის აქტუალობაზე განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა და აღნიშნა, რომ თემის განხილვა პოლიტიკური ქულების დასაწერად და შოუს გადაქცევად არ უნდა იქნეს გამოყენებული.
„ჩვენი კომიტეტი ამ საკითხის სიმძიმეს ვადასტურებთ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გამოძიების კუთხით ჩართული ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორები და მთელი საზოგადოება. ამიტომ, ნუ გადავაქცევთ ამ საკითხს შოუდ და პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ნუ გამოვიყენებთ ამ ძალიან მძიმე თემას. ჩემი თხოვნა იქნება, შოუს ელემენტები გამოვრიცხოთ და დავტოვოთ ის, რაც არის. გვესმის საკითხი თავისი მნიშვნელოვანი წახნაგებით და დავუტოვოთ გამოძიებას დრო მიიღოს გადაწყვეტილებები. ამის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ სრული მასშტაბით საპარლამენტო კონტროლის განხორციელება“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების პროცესი დებატების ფონზე წარიმართა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა კომიტეტის განსახილველ საკითხებში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტზე მსჯელობის გამართვა და ძალოვანი სამინისტროების წარმომადგენლების სხდომაზე მოწვევა მოითხოვა. მისი განცხადებით, აღნიშნული კომიტეტის ვალდებულებას წარმოადგენს გაარკვიოს თუ რა მოხდა და მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოსმენა გამართოს. სერგო რატიანის განცხადებას კომიტეტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა და ოპოზიციონერ კოლეგას გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნების გაკეთების თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„არსებობს გარკვეული ინსტიტუციური ფორმები, რასაც უნდა დაველოდოთ. მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აქვს ბევრი კითხვა. თემა არის რთული და უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, რათა ჩვენ გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმისთვის, რომ მერე განვიხილოთ. დღეს მხოლოდ პრესაში გაჟღერებული ჭორისა და მართლის გარჩევა შეგვიძლია, რაც არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს. მე პირადად მაშფოთებს ის ეჭვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ როგორც პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება გარკვეული დრო არ მივცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ დადონ დასკვნები“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.