საქმე იყო არა მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების შეჩერებაზე, არამედ განკვეთაზე და პატრიარქმა ეს არ გააკეთა, არავის არ უნდოდა ეს, მაგრამ მეუფე პეტრე არ გაჩერდა – ამის შესახებ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ მრევლს უყვარს საკუთარი მოძღვარი, მაგრამ არაა სწორი, რომ ეს ადამიანები მეუფე პეტრეს განცხადებებს იზიარებენ და მიყვებიან მას.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო, ამ ეპარქიაში პირველად არ ვარ, ვიყავი ადრეც. ბევრი მქონდა ნანახი და დღესაც ვნახე, თუ რამდენი შრომაა გაწეული, რა ღვაწლია და რა სათუთად ეპყრობა ხალხი ამ ნაშრომს.
ვნახე ტელევიზორშიც მამები, რომლებიც იყვნენ ძალიან გულდაწყვეტილნი. მამებისა და დედების ზოგიერთი საქციელი ორი საპირისპირო მიმართულებისაა. ერთი იყო იმ სასულიერო პირის, მამაკაცის ცრემლები, რომელიც მისტიროდა თავის მოძღვარს და არ უთქვამს მას რაღაც ისეთი… არ მგონია, რომ ის ადამიანი გაიფიქრებდა რამეს პატრიარქის წინააღმდეგ. მას უყვარს თავის მოძღვარი. მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაცაში შეცდა, არ ვიცით, რა დაემართა მას, მაგრამ ეს მოხდა, ხომ ფაქტია, დასწყვიტა გული იმ ადამიანს. მეორე მხრივ, ვნახე ადამიანები რომლებიც გაყვნენ თავის მოძღვარს, ერთ მხრივ კარგია, რომ უყვართ მათ მოძღვარი, მაგრამ, რას შვრები, რაში უდგები გვერდში, შენც მილანძავ მე მამას?! ნებისმიერ აქ მყოფ ადამიანს რომ პირდაპირ გითხრან, აი, მამაშენი ასეთია, რას იზამ, მოწმეების მოყვანას დაიწყებ? ალბათ, რაც მოგვხვდება თავში ჩაარტყამ. ყველა სასულიერო პირს არ შეუძლია ყველაფრის მოთმენა, ჩვენში ყველაშია ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და შენ რომ ჩემს საყვარელ ადამიანს გამილანძღავ, არაა სწორი. ადამიანებს, რომლებსაც თითქოს ცხვირი აქვთ გაბრუნებული მეუფე გრიგოლისგან, ვერ ვგებულობ, სადაა მათი სულიერება? ისინი ვისთან მოდიან აქ, ჩემთან, გრიგოლთან, ვისთან? პეტრესთან მოდიოდნენ თუ უფალთან? ჩვენ, პირველ რიგში, უფალთან მოვდივართ და არა ვიღაცის გულისთვის. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მით უმეტეს, ჩვენ სხვას უნდა ვასწავლოთ სულიერება, სხვას უნდა ავუხსნათ“,- განაცხადა ეპისკოპოსმა.
როგორც მანვე ბრძანა, მრევლი უნდა დაემორჩილოს სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე გრიგოლს მხარი დაუჭიროს.
„თქვენ რომ ყოფილიყავით სინოდზე და მოგესმინათ, რა იყო, შეიძლება აქ კიდევ ჩხუბი დაგეწყოთ იმათ მიმართ, ვინც არასწორად იქცევა. საქმე იყო არა მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების შეჩერებაზე, არამედ განკვეთაზე და პატრიარქმა ეს არ გააკეთა. არავის არ უნდოდა ეს, მაგრამ მეუფე პეტრე არ გაჩერდა. მეუფე პეტრე ჩვენი ძმაა, ძალიან მწყინს, ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, ვინც აქ არ არიან მათაც, ავუხსნათ, რომ შეცდომას აკეთებენ ისინი. ეს არაა სულიერება, ეს არაა მონაზვნის, სასულიერო პირის ქმედება. აქ რომ გითხრან მღვდელმთავარი არისო და დაგიყენოს სინოდმა, ადამიანი, რომელიც შეიძლება შესახედავად არ მოგწონდეს, მას მაინც უნდა დაემორჩილო, მღვდელმთავარია. პატივი ეცი ეკლესიას და უფალს, მეუფე გრიგოლი და არც ერთი სხვა არ მისულა სინოდში და არც უთქვამს მე ამირჩიეო.
ჩვენ არ ვიცით მეუფე პეტრეს რა დაემართა, აღსარებას აბარებს და ეტყვის, აუხსნის რაშია საქმე და ყველაფერი გაირკვევა. დღევანდელ დღეს ლოცვა გვჭირდება. ვილოცოთ მეუფე პეტრეზეც, გრიგოლზეც, რომელსაც დახმარება უნდა. აქ რაც მეუფე პეტრემ იშრომა, ის კი არა უნდა გავაბნიოთ, პირიქით – შევინარჩუნოთ, ეს არც თქვენია, არც ჩვენია, არც მეუფე გრიგოლის, ეს ღვთისაა, ჩვენ ვიქნებით თუ არა, აქ ანგელოზები ილოცებენ და იგალობებენ ტაძარში. ასე რომ, ნუ ვცდებით. ერთგულება კარგია, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. სულიერებას არ უნდა გადავცდეთ ერთგულებაში.
უფალი გვეუბნება, რომ თუ შენ შენი გვერდით მყოფი არ გიყვარს, მე როგორ შემიყვარებ, რომელსაც სულ არ მიცნობო. ვილოცოთ და მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. დღეს ძალიან სჭირდება მეფე გრიგოლს მხარში ამოდგომა. ყველა მღვდელმთავარი მასთანაა“,- განაცხადა ეპისკოპოსმა დამიანემ.