„ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მკაფიოდ მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, „ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის. ასევე, ჩვენ ჩვენ პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად, მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას. ვაფასებთ ასევე ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და რა თქმა უნდა, გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა და რა საკვირველია, თუ ვინმეს სურს, პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ ამ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ზიზღი, არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა და საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი“,– განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს.
„ამ დიალოგში ვფიქრობ, ჩვენ მოგვეცა საშუალება როგორც ხელისუფლებას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ უფრო დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი, რა გამოწვევები და საჭიროებები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთი რამ არის ცალსახა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა სწორედ გამოხატავს ამ მხარდაჭერას“, _ განაცხადა თალაკვაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანიდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
ამ წუთებში კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდება.