საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთელებს მიმართავს და მოუწოდებს ხვალ არჩევნებზე ბეგი სიორიძეს დაუჭირონ მხარი.
“ძვირფასო ოზურგეთელებო, თქვენი მხარდაჭერით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ჩამაბარეს თანაგუნდელებმა _ კახი კალაძემ თავისი შტაბის უფროსად და დედაქალაქში საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელად დამასახელა. ამ კამპანიის განმავლობაში, ხშირად ჩემი ფიქრები თქვენთან არის.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ყველასათვის საყვარელი ქალაქი და საქართველოს სავიზიტო ბარათია, ჩემთვის ოზურგეთი მაინც ყველაზე ძვირფასი და ახლობელია.
ბოლო წლების განმავლობაში, ოზურგეთსა და მის გარშემო მდებარე სოფლებში, თქვენთან ერთად ბევრი რამის გაკეთება შევძელით: ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ჯანდაცვა, დავაგეთ შიდა გზები, არაერთ სოფელში შევიდა გაზი, დაფინანსდა საწარმოები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, აღვადგინეთ გურიაში ვაზის უნიკალური ჯიშები, მოწესრიგდა პარკები, გამოცოცხლდა კულტურული ცხოვრება, განახლდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და მიმდინარეობს ოზურგეთის თეატრის სრული რეაბილიტაცია.
ამ წარმატებაში თითოეულ თქვენგანთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის ბეგი სიორიძეს _ ოზურგეთის მერს და ამჟამად “ქართული ოცნების” კანდიდატს მერის არჩევნებში.
მჯერა, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ ისევ ერთად გავიმარჯვებთ, ბეგი სიორიძე გაიმარჯვებს, ოზურგეთი გაიმარჯვებს!
ამისათვის აუცილებელია, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას” და ბეგი სიორიძეს. წინ მნიშვნელოვანი პროექტები და ახალი ოზურგეთი გველოდება!” _ აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მიმართვაში.