ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ერთი დღე-ღამის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც სუს-ის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დაკავებულია, ხოლო სამი _ ლიკვიდირებუალი. არსებული შემთხვევა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებად შეაფასა.
საქართველოში ტერირიზმის საფრთხეებზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი“ პოლიტოლოგეს, გია ხუხაშვილს, სოსო ცისკარისვილსა და პეტრე მამარაძეს დაუკავშირდა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, არა მარტო საქართველო, არამედ ქვეყნები, რომლებიც უსაფრთხოდ იყვნენ აღიარებულნი მაღალი რისკების ქვეშ დგანან. მისი თქმით, საქართველოს მოუწევს მზად დახვდეს ტერორიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
“დღევანდელი სამყარო, სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ დგას. აქ მოიაზრება ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც უსაფრთხოებით იყვნენ აღიარებულნი. გუშინდელი სპეცოპერაცია დრამატული ფაქტია, მაგრამ იმაზე უარესად არ გვაქვს საქმე, რაც ევროპის სხვა, წამყვან ქვეყნებშია. ვნახეთ, როგორ გადაურბინა ტერაქტების ტალღამ მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ, სამწუხაროდ, შევდივართ საკმაოდ სახიფათო ზონაში, რადგან სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფებების საომარი მოქმედებები აქტიური ფაზიდან გამოვიდა, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ, მინიმუმ, ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე ათასი კავკასიელი მებრძოლი შეეცდება დაბრუნდეს სამშობლოში. ახლა საჭიროა მასშტაბური ანტიტერორისტული ანალიტიკური და სპეციალური ღონისძიებების გატარება. აღნიშნული, რაც უფრო მალე გახორციელდება უკეთესი იქნება ყველასთვის, იმიტომ, რომ შესაძლოა ვითარება ისე დამძიმდეს, რომ მერე ძალიან გაგვიჭირდეს. მგონია, რომ ეს ადამიანები ტერორიზმთან რაღაც კავშირში იყვნენ, რადგან დანაშაულებრივი ჯგუფები უცხო ქვეყანაში მაინცდამაინც არ მოქმედებენ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰქონდათ ტერაქტები. ვფიქრობ, რაღაც ტიპის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან გვქონდა საქმე. მეტად სავარაუდოა, რომ ეს ადამიანები სამომავლოდ შექმნიდნენ დაჯგუფებებს და მოქმედებაზე გადავიდოდნენ”.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ყოველი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება საზოგადოების მტკიცე ერთობის საფუძველი უნდა იყოს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, სირცხვილია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იკავებენ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პიროვნებების ეროვნების დასახელებისგან.
“არსებობს ბრძნული გამონათვამი: ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. ეს არის თემა, რომლის განხილვა დახურულ კარს მიღმა უნდა ხდებოდეს. უნდა ითქვს, რომ ნებისმიერი ასეთი სახის ქმედება ჩვენი საზოგადოებისთვის მტკიცე ერთობის საფუძველი უნდა იყოს. ნურავინ მოიტყუებს თავს ჩვენს სპეცრაზმელებს და უპირველეს ყოვლისა, მათ ხელმძღვანელებს სჭირდებათ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლება. სახეზეა, რომ ჩვენს ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობების პირები ერიდებიან თქვან თუ რომელი რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დამნაშავეები, რაც დამამცირებელი და საფრთხის შემცველია. მთელ მსოფლიოში, სადაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება განხორციელდა, პირველ რიგიში, გვეგებინებენ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დამნაშავეები, აქ კი ხმას არავინ იღებს. ნათელია, რომ შეიარაღების მქონე პირები საქართველოში ყურძნის დასაკრეფად არიყვნენ ჩამოსულნი. საქართველოში ჩეჩნების შემოსვლა არ არსი ახალი. მით უმეტეს, მაშინ, როცა ლაფანყურის ტრაგედიის პერიოდში სწორედ იმდროინდელმა ხელისუფლებამ შემოიპატიჟა ევროპიდან 100-მდე. მეცოდება ადამიანები, რომლებსაც ერთი რამის თქმა სურთ და მეორე რამის წარმოთქმა უწევთ”.
პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. მისი განცხადებით, საქართველო საფრთხეში იყო სააკაშვილის დროს. იმ დროს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ავღანეთში ჩადიოდა და ქართველ ჯარისკაცებს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მოკვლის შესახებ ეკითხებოდა.
“არსებული შემთხვევით საქართველოს იმიჯი არ ილახება, თუმცა, როდესაც დედაქალაქში არსებობდა ბინა, სადაც უამრავი საბრძოლო მასალასა და ხელყუმბარებს ინახავდნენ, ჩნდება კითხვები. ამ ბინაში მყოფი ადამიანები მთელი დღე-ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ სპეცდანიშნულების რაზმისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზულ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე. ეს უკანონობაა, როგორ შეიძლება ასეთი სახის იარაღის და ხელყუმბარების მფლობელები ყოფილიყვნენ. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს მიმართ, ხშირად ისმოდა მუქარა. განსაკუთრებით სააკაშვილის დროს. სააკაშვილი ჩადიოდა ავღანეთში და ღია ეთერში ეკითხებოდა ჩვენს ჯარისკაცებს რამდენი ისლამისტი ჯარისკაცი მოკლეს, რასაც მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი არ აკეთებდა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა თავდასხმები ჩვენს ბაზებზე. სწორედ, ამ განცხადებების შემდეგ ემუქრებოდნენ ისლამისტები ქართველ ჯარისკაცებს ამოხოცვით”.