არსებული ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის.
„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, იმის მიხედვით, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება. ეს არის თავდაცვის მინისტრი, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამა პასუხობდეს იმ პრიორიტეტებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.