“რამდენიმე ხნის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ დიდის ამბით დაანონსა გურიის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაცია,შესაბამისი ნუსხაც გამოაქვეყნა, რომელშიც გურიის სამივე მუნიციპალიტედიდან შედიოდა ცხრა ობიექტი.
დღეს გამოქვეყნებული შედეგებიდან გამომდინარე ირკვევა,რომ ყველა ობიექტი ჩავარდა გარდა ერთისა და ეს ერთი არის კურორტ ბახმაროში არსებული მიწის ნაკვეთი რომელიც “ორბი ჯგუფმა “შეიძინა“, _ ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს.
“ეს შედეგები, პირადად, მე არ გამკვირვებია, ვიცნობ რა რეგიონს და წინასწარ ვიცოდი წარმოდგენილი ობიექტების რენტაბელობა, მითუმეტეს, იმ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში რაც დღეს გურიაშია. აქ საინტერესო ეკონომიკის სამინისტროს აფიორაა. სინამდვილეში ეს ე.წ პრივატიზაცია ეძღვნებოდა იმ ერთი მიწის გასხვისებას, რომელიც “ორბი ჯგუფმა” შეიძინა და რომელსაც აუქციონში კონკურენტი არ ყოლია. რაც შეეხება ფასს იგი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით იაფია.
მოგეხსენებათ ამ ზაფხულში სახელმწიფომ “ორბი ჯგუფს” 1 ლარად რამდენიმე ჰექტარი მიწა გადსაცა. ეტყობა ამავე კომპანიას დამატებითი გაუჩნდა სურვილი, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ შეეძინა მიწის ნაკვეთი (სწორედ მიმდებარედ მდებარეობს ეს ნაკვეთიც) ეკონომიკის სამინისტრომ ეს წინასწარ იცოდა და დანარჩენი რვა ობიექტები, უბრალოდ, მიაყოლა.
პირველი: წინასწარ იცოდა, რომ ბახმაროში მიწის ნაკვეთის მყიდველი გამოჩნდებოდა;
მეორე: ყოველივეს პრივატიზაციად მონათლავდა და საქმეში ჩაეთვლებოდა;
სინამდვილეში კი, ერთი არც თუ ისე ნიჭიერად დადგმული სპექტაკლი წარმოგვიდგინა _ სახელით “დიდი პრივატიზაცია გურიაში” – წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა.