ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ოზურგეთის მერი მასზე ზეწოლას ახდენს და უკანონობის ჩადენას აიძულებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
როგორც “გურია ნიუსს” უწყებაში უთხრეს, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში ამ საკითხზე მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაბალაშვილის განცხადებები მედიაში გაჟღერდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, უკვე გამოიკითხა ხაბალაშვილი და მიმდინარეობს სხვა პირების გამოკითხვა.
ჩვენი წყაროს ცნობით, უახლოესს დღეებში დაკითხავენ ოზურგეთის მერს, კონტანტინე შარაშენიძესაც, რომელიც ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტებს ემალება.
შეგახსენებთ, რომ ხაბალაშვილმა შარაშენიძე ზეწოლაში გასულ კვირას დაადანაშაულა.
_ მერი ჩემზე ახორციელებს ზეწოლას და მაიძულებს უკანონო ქმედებების ჩადენას. მას სურს დავწერო ისეთი დასკვნა, რომლითაც საფუძველი ექნება, მისთვის არასასურველი კადრი, სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე გაათავისუფლოს, _ აღნიშნა ხაბალაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, მერის პირადი ინტერესების გამო, აუდიტის სამსახური პარალიზებულია:
_ ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ დაიწერა დისციპლინარული წარმოება თამარ დუმბაძეზე, რაც არ შეიძლება. მე ვიცი რამდენიმე სამსახური, სადაც არანაკლები სამსახურეობრივი პრობლემებია და რეკომენდაციების გაცეემაა საჭირო, თუმცა ასე არ ხდება.
ფაქტიურად პარალიზებულია შიდა აუდიტის სამსახური და მუშაობს ერთი მიმართულებით _ ყველა ბრძანება იწერება სოციალური სამსახურის შემოწმებაზე, _ აღნიშნავს ხაბალაშვილი.
მისივე თქმით, შარაშენიძე მას სამსახურიდან გაშვებით მხოლოდ იმის გამო ემუქრება, რომ დუმბაძის საქმიანობაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
_ ნებისმიერი თათბირი, ნებისმიერი სამსახურეობრივი შეხვედრა იწყება იმით, რომ სამსახურიდან უნდა გამიშვას, _ ამბობს კობა ხაბალაშვილი.
ის რომ სოციალური სამსახურის უფროსს, თამარ დუმბაძეს მერის მხრიდან პრობლემები ჰქონდა ახალი ტემა არ არის. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა. დუმბაძემ საკუთარი პრობლემების შესახებ და მასზე გახორციელებული დისკრიმინაციული ფაქტების გამო სახალხო დამცველს ორჯერ მიმართა.
ნინო ლომჯარიასთვის გაგზავნილ წერილებში, დეტალურადაა აღწერილი ზეწოლის ის ფაქტები, რომელიც შარაშენიძის მხრიდან ხორციელდებოდა:
„ღამის 12 საათზე დამიბარა და მითხრა _ ხომ გააკეთე ყველაფერი რომ ბეგია სიორიძეს ყვერები თბილად ჰქონოდა და დამჯდარი იყო სკამზე, ახლა წადი სახლშიო“, _ აღნიშნულია დუმბაძის მიერ ომბუდსმენისთვის გაგზავნილ წერილში.
ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის თქმით, მას მერის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მოლოდინიც აქვს.
კონსტანტინე შარაშენიძე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს _ როგორც ყოველთვის, მან ამჯერადაც არ უპასუხა „გურია ნიუსის“ ზარებს.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი მერიას მოუწოდებს ამომწურავი განმარტება გააკეთოს:
_ იმ ფონზე, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არაერთ თანამშრომელს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მოტივით დავა აქვს მერიასთან, თამარ დუმბაძის და კობა ხაბალაშვილის განცხადებები დროულად უნდა იყოს შესწავლილი.
დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის _ მისი მთავარი ამოცა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის და ეფექტიანობის შემოწმებაა. ოზურგეთის მერიამ ამომწურავი განმარტება უნდა გააკეთოს, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.
ამავე თემაზე: ახალი სკანდალი ოზურგეთის მერიაში _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქმის დროულ შესწავლას ითხოვს
„მეშინია მისი“ _ რა მისწერა ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს