ჯერ კიდევ სადავოა, საკონსტიტუციო კომისიაში ინიცირებული კიდევ ერთი საკითხი _ მომავალ არჩევნებში შესაძლოა, საარჩევნო ბლოკები გაუქმდეს _ არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი საარჩევნო ბლოკების შესაძლო გაუქმებას ეწინააღმდეგება. მმართველი გუნდი ინიციატივას საბიუჯეტო სახსრების დაზოგვით და პარტიების გაძლიერებით ხსნის _ ბლოკების გაუქმების პირობებში შემცირდება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, რადგან ეს გამოიწვევს პარტიული სპექტრის გამსხვილებას და შემცირდება მნიშვნელოვნად გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა.
“20 კვალიფიციური პარტიიდან, დაახლოებით, 13-14 პარტია სულ 30 კაცს აერთიანებს და ეს 30 კაცი მილიონიან დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან , _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საარჩევნო ბლოკების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება ბლოკების გაუქმებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ პარტიული სისტემა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შედგება, თუ ბლოკის ინსტიტუტი არ გაუქმდება.
საინტერესოა, რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერები.
თამარ ნადირიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: “იმ პირობებში, როცა ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი საარჩევნო კანონმდებლობა და ასევე, მმართველი პარტია ყოველთვის თავისი ინტერესების შესაბამისად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებს და ძალიან უხეშად არღვევს, თუნდაც ჩვენს ძალიან ცუდ საარჩევნო კანონმდებლობას, ოპოზიციას გაერთიანების გარდა სხვა საშველი არ გააჩნია და თუ რამდენიმე პოლიტიკური ძალა არ გააერთიანებს თავის რესურსებს, ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ. ასე რომ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა შეგვიძლია, მივიჩნიოთ “ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ისეთ ინიციატივად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი ხელისუფლებაში დარჩენა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არ ხდება იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, პირიქით, კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის ოპოზიციას.
“დავით მჟავანაძე, “ნაციონალური მოძრაობა“:“ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღებით ცდილობს, დაასუსტოს ოლიგარქის და მისი ჯიბის მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტიები და სწორედ ამიტომ ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან დაბრკოლებები, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. თუ ხელსუფლება კანონით შეზღუდავს და აუკრძალავს პარტიებს, იბრძოლონ კოალიციურად გამარჯვების მოსაპოვებლად და ეს იმ ფონზე მოხდება, როდესაც 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერია, მე მგონი, ძნელი არ იქნება იმის მიხვედრა, რა გათვლებს აკეთებს მმართველი პარტია საკონსტუტიციო ცვლილებების მიღებით.
ბუნებრივია, მმართველი გუნდი ყველა მავნებლურ მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობა, მინიმუმ, 2030 წლამდე გაგრძელდეს“.
ნათია შარაშენიძე, ლეიბორისტული პარტია: “ბოლო 25 წლის მანძილზე ყველა უბედურება, რაც მოსახლეობას და ქვეყანას დაემართა, სწორედ რომ, პარტიების ბლოკებად და კოალიციებად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაგვემართა, გაგახსენებთ, მოქალაქეთა კავშირი იყო რამდენიმე პარტიისგან შემდგარი ბლოკი, “ნაციონალური მოძრაობა“, ასევე _ ბლოკი, ამჟამინდელი ხელისუფლება კი გახლავთ პარტიების კოალიცია. რა სავალალო შედეგამდე მივედით, ამას თითოეული მოქალაქე გრძნობს. სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში სწორედ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს პირველმა დააყენა კოალიციების და ბლოკების აკრძალვის საკითხი, თუმცა, მაშინ ამ ინიციატივას შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ ამ ინიციატივას მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ ბლოკების და კოალიციების აკრძალვით ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ქვეყანაში საბოლოოდ წერტილი დაესმევა პოლიტიკურ ვაჭრობებს და მოხდება პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, რაც, ასევე, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
“მიხეილ გოგოტიშვილი, “ევროპული საქართველო: “საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, წინასაარჩევნო ბლოკების აკრძალვას, კიდევ ერთხელ მიუთითებს დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობაზე, რადგანაც ხელისუფლებას ეშინია ხალხის და ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს ოპოზიციური ძალები ქვეყნის საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოებში. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს არის დემოკრატიის განვითარების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ხელს შეუწყობს ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებას და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის გამტკიცებას. თუ გვინდა, ჩამოვყალიბდეთ ნორმალურ სახელმწიფოდ, აუცილებელია, ყველამ ხმა ავიმაღლოთ ამ და კიდევ სხვა მანკიერი ცვლილებების წინააღმდეგ და ქვეყანაში გვქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც მორგებული იქნება არა ერთ ,,ოლიგარქზე” არამედ _ ხალხზე.