ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაკეტილია. ლაითურში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. სოფელში გადაადგილება შეზღუდულია, თერმოსკრინინგი უტარდება ყველა შემსვლელს.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია ამბობს, ლაითურში ინფიცირების 27 შემთხვევაა გამოვლენილი და ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც კონტროლის გამკაცრების მიზნით მიიღეს.
„ლაითურში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული, გამომდინარე იქიდან რომ დღეს ლაითურში 27 ინფიცირებული ადამიანია. შესაბამისად, აუცილებელია იზოლაციის წესების გამკაცრება. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ჰქონდათ კონტაქტი, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მეზობლებთან და იმ ადგილებში მყოფ ადამიანებთან სადაც უწევდათ გადაადგილება. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონტროლი იყოს დაწესებული თვითიზოლაციის წესების გახორციელებაზე. პარალელურად მეორადი კონტაქტების მოძიებაც მიმდინარეობს. შესაბამისად პირველადი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩვენი მედიკოსები ჩაატარებენ ტესტირებას. ლაითურის შესასვლელში მოეწყო თერმოსკრინინგი, ყველა შემსვლელი მოწმდება და ამ ბლოკპოსტზე საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ ტესტირებაც. პასუხები შესაბამისად იქნება ნაწილის დღეს, ნაწილის ხვალ. იმისდა მიხედვით რა მოცულობა იქნება აღებული ტესტების“,_ განაცხადა ნასარაიამ.