ბოლო დღეების განმავლობაში ისევ ძალიან დამძიმდა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს რამდენიმე დასახელების ვაქცინა, მოსახლეობის მიმართვიანობა მაინც ძალიან დაბალია. ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებობს “სინოფარმის“, “სინოვაკის“, “ასტრა ზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინა.
დღეს ჩვენი რესპონდენტი დეტალურად აგვიხსნის, თუ რით განსხვავდება თითოეული ზემოთ ხსენებული ვაქცინა. “გურია ნიუსის“ კითხვებს პასუხობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ექიმი არჩილ მარშანია.
_ განსხვავება რომ ვიცოდეთ ვაქცინებს შორის, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ როგორ მუშაობს ვაქცინა და ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტი. კორონავირუსს “კორონა“ იმიტომ ჰქვია, რომ გარშემო გვირგვინისებრი ცილები აქვს (გვირგვინის გარდა, ვირუსს ცილები კიდევ აქვს). კორონავირუსის ამოსაცნობად ორგანიზმი მის სპეციალურ ნიშან-თვისებებს უნდა ცნობდეს. ორი ძირითადი საშუალება არსებობს, რომ ჩვენმა ორგანიზმმა იცნოს კორონავირუსი; ერთი: თუკი ჩვენ კორონავირუსის ამ გვირგვინისებურ წანაზარდებს ე. წ. “სპაიკ ცილებს“ დავამახსოვრებინებთ ჩვენს ორგანიზმს და მეორე: თუკი მთლიანი კორონავირუსი შევა ჩვენს ორგანიზმში. მთლიანი კორონავირუსის შესვლის შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზმში ვითარდება ინფექცია, რაც კლავს ადამიანებს. შესაბამისად, ჩვენ როგორმე უნდა მოვახერხოთ, ისე მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ორგანიზმს, რომ ინფიცირება არ განვითარდეს. სწორედ ამისთვის არსებობს ვაქცინა.
პირველი და ყველაზე “მარტივი” მეთოდი არის ის, რომ ავიღოთ კორონავირუსი, მოვკლათ (მას გამრავლების უნარი აღარ ექნება) და ის შევიყვანოთ ორგანიზმში. ჩვენი ორგანიზმი დაიმახსოვრებს და შემდეგში იცნობს ამ ვირუსს _ ეს არის ინაქტივირებული ვაქცინის მექანიზმი ანუ “სინოფარმის“ და “სინოვაკის“.
კორონავირუსს თავისი ძალიან დიდი გენეტიკური მასალა აქვს. ჩვენ კორონავირუსის ძალიან პატარა მასალას ვიღებთ და შეგვყავს ორგანიზმში ანუ ამას მესენჯერული რნმ ჰქვია. მესენჯერული რნმ როგორც კი შევა ჩვენს უჯრედში, ჩვენივე უჯრედი დაიწყებს კორონავირუსის ცილის გამომუშავებას. შესაბამისად, როდესაც გამომუშავდება ეს ცილა, ჩვენი ორგანიზმი ამოიცნობს მას, განვითარდება იმუნიტეტი და უკვე ვართ დაცულები. გამორიცხულია მესენჯერული რნმ-მა გამოიწვიოს ინფიცირება. მესენჯერული რნმ ძალიან მყიფეა და ამიტომაც სჭირდება მას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გაყინვა. ის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მალევე იშლება. ადამიანებში არსებობს მოსაზრება, რომ მესენჯერული რნმ გენეტიკას ცვლის _ ეს აბსოლუტური ტყუილია! ერთი, რომ ძალიან მალე იშლება, მეორე _ მე-10 კლასის ბიოლოგია რომ განვიხილოთ, დნმ-დან ინფორმაციის გადაცემა ცილის წარმოქმნამდე ხდება შემდეგნაირად: დნე, რნმ, შემდეგ ცილა და არა _ პირიქით ანუ მესენჯერულ რნმ-ს არანაირი კავშირი არ აქვს დნმ-სთან.
ასევე არსებობს ვექტორული ვაქცინები, რომელთა პრინციპი იგივეა: კორონავირუსის ინფორმაციის ის პატარა ნაწილი შეგვყავს ორგანიზმში, მაგრამ არა მესენჯერული რნმ-ის სახით, არამედ უვნებელი ვირუსის სახით. ვიღებთ რაღაც ადენოვირუს (ადენოვირუსს იწვევს ჩვეულებრივი გაციება, გრიპი და ა.შ.), მასში ჩავაშენებთ ამ პატარა ნაწილაკს და შეგვყავს ორგანიზმში. ადენოვირუსი უვნებელია, თუმცა, ინფორმაცია მიაქვს ადამიანის უჯრედამდე, ხოლო ადამიანის უჯრედი იდენტურად იქცევა როგორც “ფაიზერის“ შემთხვევაში ანუ გამოიმუშავებს კორონავირუსის ცილას; შემდეგ ამ ცილას ამოიცნობს ორგანიზმი და ჩვენ ვართ დაცულები. საქართველოში დღეს გვაქვს სამი ტიპის ვაქცინა: ინაქტივირებული _ “სინოფარმი“ და “სინოვაკი“, მესენჯერული რნმ _ “ფაიზერი“, ვექტორული _ “ასტრაზენეკა“.
_ რა გახდა ფაიზერის “პოპულარობის” მიზეზი?
_ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების _ “ფაიზერის“ და “მოდერნას“ (მესენჯერული რნმ) ერთ-ერთ უპირატესობა არის ის, რომ მათი შექმნა შესაძლებელია ძალიან სწრაფად. ისინი ქიმიური სინთეზით მიიღება და არა ბიოლოგიურით. მათი პროდუქციაც შეიძლება უფრო სწრაფად გაკეთდეს, უფრო პატარა ბიორეაქტორია საჭირო რომ გამოიმუშავო ძალიან ბევრი დოზა. აქედან გამომდინარე, სწრაფად ხდება ამ ვაქცინების შექმნა და პროდუქცია. როდესაც დაიწყო ვაქცინაზე მუშაობა, “ფაიზერი“ და “მოდერნა“ შეიქმნა პირველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე სწრაფად გაიარა კლინიკური კვლევები, ყველაზე სწრაფად დავრწმუნდით, რომ ის იყო უსაფრთხო და ეფექტურია. შემდეგ იყო ისრაელის მაგალითი, რომემაც საოცრება მოახდინა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აცრა “ფაიზერით“ ძალიან მოკლე დროში. აქედან გამომდინარე, პირველი ეს დაგვამახსოვრდა და უფრო მაღალი ეფექტურობაც ამან აჩვენა. ასევე, ყველაზე მაღალი დონის მარეგულირებელმა კომპანიებმა და ასოციაციებმა ყველაზე სწრაფად ფაიზერი და მოდერნა აღიარეს, შემდეგ ამას მოჰყვა სხვა ვაქცინები. ინაქტივირებული ვაქცინები _ “სინოფარმი“ და “სინოვაკი“, მათი პროდუქცია ცოტა უფრო დროში გაწელილია და მაღალი დონის კვლევები იმ დროისთვის არ არსებობდა. პრობლემა ისიც იყო, რომ ჩინეთიდან ვაქცინებზე ინფორმაცია არ იყო მარტივად ხელმისაწვდომი. თუმცაღა, ნელ-ნელა დაიწყო კვლევები, ბევრმა ქვეყანამ აცრა ამ ვაქცინით ადამიანები, ეფექტურობაც აჩვენა, რაც ცოტათი დაბალი იყო ვიდრე “ფაიზერის“ და “მოდერნას“. რაც ყველაზე მთავარია, “სინოვაკს“ და “სინოფარმს“ მძიმე გართულებებისგან დაცვა საკმაოდ მაღალი ჰქონდა. თუმცა, სიმპტომური კოვიდის მიმართ უფრო დაბალი იყო ეფექტურობა, მაგრამ პანდემიის დროს ყველაზე დიდი პრობლემაა გართულებები და მის შემდეგ დამძიმება და სიკვდილიანობა. ამიტომ, “სინოვაკის“ და “სინოფარმის“ “აღიარება” ცოტათი დაყოვნდა, მაგრამ როდესაც შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელმა კომპანიებმა და პლუს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ, “სინოფარმმა“ და “სინოვაკმა“ გადაუდებელი ავტორიზაცია მიიღეს. დაგვიანებულმა ავტორიზაციამ და იმან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამოიყენებოდა, ცოტა უფრო მარკეტინგული გავლენა მოახდინა ადამიანებზე და ყველას უნდოდა “ფაიზერი“.
ვაქცინა რომელი ჯობია? ამ შეკითხვას თუ დავსვამთ, მხოლოდ ამ პირობებით და კრიტერიუმებით არ ხდება შეფასება. უნდა გავითვალისწინოთ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში და რამდენად ხელმისაწვდომია ვაქცინები. თუ ქვეყანაში არ არის “ფაიზერი“ (მასზე მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა), მაგრამ არის სხვა ვაქცინები, ამის პარალელურად კი მწვავე ეპიდაფეთქებებია, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვაქცინა არის ის, რომელიც ხელმისაწვდომია, აუცრელობას ნებისმიერი ვაქცინა ჯობს!
_ როგორია რეკომენდაციები ასაკობრივ ჯგუფებზე?
_ რეკომენდაციები გაიცემა იმის მიხედვით, თუ რა კვლევები გვაქვს, ვაქცინა იქნება ეს თუ მედიკამენტი. თუკი ვაქცინას გამოცდი მარტო 10 წლის ბავშვზე და კვლევები აჩვენებს, რომ 10 წლის ბავშვისთვის არის ეფექტური, ცხადია, პირველი რეკომენდაცია გაიცემა ამ ასაკობრივ ჯგუფზე. პირველი კვლევები ჩატარებული იყო 18-60 წლამდე ადამიანებში, და, შესაბამისად, რეკომენდაცია გაიცა ამ ასაკობრივ ჯგუფებზე. დღეს ვიცით, რომ ფაიზერი აშშ-ს სხვადასხვა ქვეყნებში 12 წლიდან კეთდება, ორსულებშიც უსაფრთხოა და ა.შ. რაც შეეხება მაღალ ასაკს, რა თქმა უნდა “ფაიზერი“ უფრო ეფექტურია. “ძლიერი ვაქცინა” _ ტერმინი არასწორია. მას მაღალი იმუნოგენურობა ახასიათებს. სიტყვა “ძლიერი” ამ მიმართულებით რომ ვიხმაროთ, პირიქით უფრო კარგს ნიშნავს, მეტიც _ ინაქტივირებული ვაქცინები რომ ავიღოთ, მაღალ ასაკში კიდევ უფრო დაბალი ეფექტურობით გამოირჩევა. ამიტომაც, თუ კი გვაქვს არჩევნის საშუალება, ჯობს მაღალი ასაკი ადამიანები ავცრათ “ფაიზერით“.
_ რა ეტაპზეა, მოხერხდა თუ არა, covid 19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია?
_ სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტების ჯგუფში ჩართვა მოხდა, მაგრამ მათი ვაქცინაცია ვერ მოხერხდა. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება მიწოდების პრობლემა იყო, ან ვაქცინები არ იყო საკმარისი რაოდენობით. მე რამდენადაც ვიცი, ასევე არ იყო სამედიცინო პერსონალის მაღალი მიმართვიანობა. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს; ერთი მიზეზი ის არის რომ, არაა რაოდენობა. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ვიღაც სხვა ვაქცინას ელოდება. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს, უბრალოდ, გაუნათლებლობა და არაკომპეტენტურობა. და მეოთხე _საინფორმაციო ვაკუუმი. კონკრეტული მიზეზები არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ესაა სავარაუდო მიზეზები.
_ რამდენად დაიცავს ბავშვებს ვირუსისგან მხოლოდ სკოლის პედაგოგების ვაქცინაცია?
_ ბავშვებშიც ვრცელდება კორონავირუსი, განსაკუთრებით _ დელტა შტამი. პედაგოგების ვაქცინაცია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პედაგოგების დაცვაა და შემდეგ, ირიბად _ ბავშვების. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ვაქცინის ეფექტი, ეს არის გართულებების თავიდან არიდება; მაგრამ, ისრაელის მონაცემებით ვიცით, რომ “ფაიზერის“ ვაქცინა ინფიცირებისგან იცავს _ 39%-ით, სიმპტომური კოვიდისგან _ 40%-ით, მძიმე გართულებებისგან _ 90%-ით. ეს რიცხვები უმჯობესია ვიდრე არაფერი, როდესაც უფრო მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება და ნაკლები სიმპტომია, ვირუსების გავრცელებაც დაბალი დოზით ხდება. შესაბამისად, ირიბად, ბავშვები მაინც იქნებიან დაცულები და აუცრელობას ნამდვილად სჯობს. უბრალოდ, ეს მოცემულობა ადამიანებს უნდა ავუხსნათ კარგად. რა არის ვაქცინა, “ბუა” რომ არ არის და არავის არაფერი რომ არ მოუვა.
_ რას ეტყოდით ანტივაქსერებს?
_ სამწუხაროდ, სამედიცინო მითების გავრცელება მულტიფაქტორულია და მის წინააღმდეგ ბრძოლა მულტიკომპონენტურია. ერთი ამოსავალი წერტილი და ოქროს გასაღები არ არსებობს მითების გასაქარწყლებლად. მითების ხარისხიც არსებობს; არსებობს სრულიად ნონსენსი, რომელიც სასაცილოც კია, მაგრამ მაინც ცირკულირებს. მეორე, არსებობენ ნახევრად სიმართლე და მესამე _ მანიპულაციური მითები. როგორც წესი, როდესაც ადამიანს რაღაცის ღრმად სწამს და სჯერა, რაც არ უნდა უშინაარსო იყოს ეს რწმენა, მისი აზრის შეცვლა ძალიან რთულია; ამიტომაც, მსგავსი დეზინფორმაციისადმი მოწყვლადი ადამიანებისთვის ეს მესიჯი მექნება: პირველ რიგში, ყოველთვის გადაამოწმეთ წყარო! ვიღაცამ სადღაც ინტერნეტში რაღაც დაწერა, ეს არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა! გადაამოწმეთ წყაროს სანდოობა; მოიძიეთ ალტერნატიული ინფორმაცია და დაეკითხეთ კომპეტენტურ პირებს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიიღეთ რაციონალური მსჯელობის და სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებით. დამერწმუნეთ, ყველა შეკითხვაზე არსებობს პასუხი, უბრალოდ, ეს პასუხი უნდა მოვიძიოთ სწორ ადგილას!
[sexy_author_bio]