ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებების შემდეგ “გურია ნიუსი” დაუკავშირდა დიაკვან ანანია კალანდიას კითხვით: რატომ შეუჩერათ მღვდელმსახურება მეუფე სტეფანემ.
„მეც ზუსტად ეგ კითხვა მაქვს _ “რატომ შემიჩერა სტეფანემ მსახურება?” _ გვიპასუხა დიაკვანმა.
“გურია ნიუსთან” საუბრისას დიაკვანმა ანანიამ გაიხსენა, საიდან დაიწყო არსებული უთანხმოება. მისი თქმით, როდესაც მეუფე სტეფანემ დაიბარა, აუხსნა თავისი ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
“ვუთხარი რომ სიმსივნე მქონდა, რომელიც ამოკვეთის შემდეგ ისევ გაჩნდა და ამის დამადასტურებელი ანალიზის პასუხებიც ვაჩვენე. 7 ოპერაცია მაქვს გაკეთებული, 3 კიდევ გასაკეთებელი და პანდემიის მეშინია-მეთქი, _ ვუთხარი. _ რაზეც მეუფე სტეფანემ მიპასუხა: არაუშავს თუ მოკვდები, უფრო ადვილად ცხონდებიო. მან იფიქრა რომ მე ამ ყველაფერს ვიტყუებოდი და გული დამწყდა. ავადმყოფისთვის ძალიან ცუდი მოსასმენია. როცა ეუბნებიან _ მერე რაა თუ მოკვდები. თვალცრემლიანი ავდექი იქიდან.
ოჯახში ვცხოვრობ და მძიმე სოციალური მდგომარეობა მაქვს. არ ვიყავი ისე მოწყობილი, როგორც ითხოვდა, რომ კურთხევა შემესრულებინა _ სადაც თვითონ წირავდა, იქ რომ მევლო. ამას ვერანაირად ვერ ვახერხებდი და ვთხოვე, რომ ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის გამო, ვერ ვახერხებ თქვენი კურთხევის შესრულებას, იქნებ დამტოვოთ იქ, სადაც ვმსახურობ, უახლოეს ტაძრებში-მეთქი. მე არ მქონდა არანაირი კითხვები, ან ვინმესთან უთანხმოება. ავუხსენი, რომ ვერ შევძლებდი მანქანის აყვანას და სხვადასხვა ტაძარში სიარულს, რაზეც მეუფე სტეფანემ მიპასუხა, რომ ჩემს ტრანსპორტირებაზე თავად იზრუნებდა და დავთანხმდი. რადგან სახლში ვერ ვჩერდები შაბათ-კვირას. მინდა ტაძართან ახლოს ვიყო _ 25 წელია, რაც ეკლესიის წიაღში ვარ და მადლობა ღმერთს. უფალს იმას ვთხოვ, რომ მომცეს გამძლეობა, რათა ამ ყველაფერს გავუძლო და გადავიტანო”, _ გვითხრა დიაკვანმა.
დიაკვანი ანანიას თქმით, იგი დაელოდება მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დაწყება ეპარქიის მმართველის ცვლილებას უკავშირდება.