ავსტრალიელი ვეტერანი ჟურნალისტი, მარკ კოლვინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კოლვინმა ჟურნალისტის კარეიერა 1974 წელს ABC-ის რადიო რეპორტიორობიდან დაიწყო, 28 წლის ასაკში ABC-ის კორესპონდენტი გახდა ლონდონში, მოგვიანებით კი ბრიუსელში გადავიდა.
ის ასევე მუშაობდა კორესპონდენტად აფრიკაში, ხოლო ეთიოპიაში შიმშილობის გამო „ემის“ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტს 20 წელზე დიდი ხნის განმავლობაში იშვიათი იმუნური დაავადება ჰქონდა, რომელიც 1994 წელს რუანდის გენოციდის გაშუქების დროს შეეყარა.
2013 წელს თირკმლის გადანერგვა გაიკეთა, თუმცა, ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი მაინც ეს დაავადება გახდა, რადგან თირკმლები დაზიანებული ჰქონდა.
ის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა გაიხსენეს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მალკოლმ ტარნბულმა განაცხადა:_ „ზედაპირულ სამყაროში, ის ყოველთვის ინფორმირებული და პატიოსანი ადამიანი იყო. ძალიან კარგი პიროვნება დავკარგეთ“.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ბილ შორტენმა კი, ის აღწერა, როგორც „ჟურნალისტიკის ჯენტლმენი“.
ავსტრალიელმა მაუწყებელმა, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა, კოლვინს ავსტრალიელი ჟურნალისტიკის გიგანტი უწოდა.