ნეში ვაშლისა და მსხლის ჰიბრიდია, რომელიც აზიაში უკვე ასწლეულებია, მოჰყავთ. მას ასევე უწოდებენ აზიურ, ჩინურ, ტაივანურ და იაპონურ მსხალს. ჩინურ მსხალს საფუძვლად დაედო მსხალი “იამანაში”, რომელიც იმდენად მკვრივი და მჟავე იყო, რომ საკვებად თითქმის არ გამოიყენებოდა. ჩინელი მებაღეების ხანგრძლივმა შრომამ შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო.
ხილი მრგვალ ვაშლს ჰგავს, რომლის ფერი ბაცი მომწვანოდან ნარინჯისფრამდე იცვლება. ჩაკბეჩისას კი აღმოჩნდება, რომ “ვაშლი” სინამდვილეში უგემრიელესი წვნიანი მსხალია.
ნეში ჩვეულებრივ მსხალთან შედარებით უფრო მკვრივია და ადვილად იტანს ტრანსპორტირებას.
არსებობს ნეშის ათამდე განსაკუთრებით პოპულარული კომერციული ჯიში, რომლებიც, აზიის ქვეყნების გარდა, მოჰყავთ აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ჩილეში, საფრანგეთში, კვიპროსსა და ისრაელში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ნეში ყვავის აპრილში, ყვავილს აქვს ხუთი თეთრი ფურცელი და ის იაპონური ქალაქის, კამაგაიას ოფიციალური სიმბოლოა.
“ვაშლმსხალა” ჭარბად შეიცავს C და K ვიტამინებს, შაქრებს, უჯრედისს, რკინას, სპილენძს, ფოსფორს, მაგნიუმსა და მანგანუმს.
ნეშის ჭამენ უმადაც და წურავენ წვენსაც. ყიდვისას უმჯობესია მკვრივი ნაყოფი, ყავისფერი ლაქების გარეშე.
ნეში ოთახის ტემპერატურაზე ძლებს ერთ კვირას, მაცივარში კი – სამ თვემდე.