ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აღნიშნული პირი ცოტა ხნის წინ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დაასახელა და თქვა, რომ ის ოჯახს აშანტაჟებდა.
უწყებაში ამ ეტაპზე საქმეზე დამატებით კომენტარი არ გაკეთებულა.
ოჯახის წევრების თქმით, სამშაბათს, 22 ივლისს, აქციის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ შსს-დან და თავი წარუდგინეს საქმის გამომძიებლად და უთხრეს: “რა დროს აქციებია, როცა შენი შვილი შარშია”. ასევე ისინი მოუწოდებდნენ, რომ აქციები შეეწყვიტათ და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ჰპირდებოდნენ.
თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროტესტის გამო ითხოვს, რომ საქმის გამოძიება სამხარეო პოლიციამ შეწყვიტოს და ის უფრო კომპეტენტურ უწყებას გადაეცეს.
თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: mtavari.tv