“ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას!” _ ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ურეკის კულტურის სახლში, “ქართული ოცნების” რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გასულ წელს გააკეთა.
“ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას.
მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გეგმაში, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე _ bakhmaro.info, ვკითხულობთ: “ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გეგმის მიზანია, ეტაპობრივად, ბახმაროს მთელი წლის განმავლობაში აქტიური საკურორტო სეზონის მქონე, ოთხსეზონიანი, როგორც ადგილობრივი, ასევე, ქვეყნის მასშტაბის, ასევე, საერთაშორისო დონის კურორტად გარდაქმნა. შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მომსახურების საშუალებებით დაგეგმილი ზაფხულის და ზამთრის აქტიური დასასვენებელი, სამკურნალო-სარეკრეაციო და ტურისტული მიმზიდველი ადგილის განვითარება”.
თუმცა, ეს ყველაფერი ფურცელზე _ რეალობა სულ სხვაა. როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ბახმაროში ადგილი აქვს უკანონო მშენებლობებს, მიწებისა და სახლების უკანონო ლეგალიზებას.
ჩვენი წყარო ჰყვება, რომ კურორტის ადმინისტრაციის დახმარებით, ადამიანები ქონების უკანონოდ ლეგალიზებას ახერხებენ. წყაროს თქმით, სქემა ასეთია _ პოულობენ ძველ ნანგრევებს, რომელსაც მეპატრონე არ ჰყავს, რომელიც 2007 წლამდე გადაღებულ ორთოფოტოზე ჩანს და იქ დგამენ ძველ სახლებს. შემდეგ განაცხადი შეაქვთ ლეგალიზების კომისიაში, მიჰყავთ ორი მოწმე, რომლებიც კომისიას უმტკიცებენ, რომ სახლი ნამდვილად ჰქონდა განმცხადებელს და შემდგომ ამისა, გაიცემა დოკუმენტი, რომელიც რეესტრში ტარდება და პირი ქონების მფლობელი ხდება.
ჩვენ გავარკვიეთ ისიც, რომ ამ საქმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოა დაინტერესებული.
გვითხრეს ისიც, რომ სააგენტოს წარმომადგენლები სამშაბათს ბახმაროში იმყოფებოდნენ და ა(ა)იპ კურორტ “ბახმაროს” დირექტორთან, დავით საჯაიასთან კითხვებიც ჰქონდათ. სუს-ის წარმომადგენლების ბახმაროში ყოფნას დავით საჯაია ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ მათ არ შეხვედრია:
_ ვიცი, რომ იყვნენ, თუმცა, მე არ მინახავს. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად იყვნენ, _ ამბობს “გურია ნიუსთან საუბრისას საჯაია.
მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კურორტის ადმინისტრაციის დახმარებით ქონების უკანონო ლეგალიზება ხდება, არასწორია:
_ არ ვიცი, რა ეჭვები აქვს სუს-ს, მაგრამ სქემა, რომელზეც თქვენ მესაუბრებით, აბსურდია და მსგავსი რამ არ ხდება, _ გვითხრა საჯაიამ და მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ ბახმაროში უკანონო მშენებლობებს ადგილი აქვს.
მისი ინფორმაციით, უკვე გაიცა გაფრთხილებები და დაიწერა ჯარიმები. კურორტის დირექტორი ამბობს, რომ ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა და პროცესი შარშანაც მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, გასულ წელს და არც იმის წინა წლებში უკანონო მშენებლობების გამო ჯარიმა არ დაწერილა.
ჯარიმა, უკანონო მშენებლობისთვის ახლაც არ დაუწერიათ გურიის ყოფილი გუბერნატორის გია სალუქვაძის მეუღლისთვის, რომლის სახლიც, ჩვენი წყაროს თქმით, უკანონოდ აშენდა და რომლის საქმესაც სუს-ი უკვე სწავლობს.
საჯაია, რომელიც კურორტს 2012 წელსაც ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ გია სალუქვაძის მეუღლის სახელზე გაფორმებული სახლი ბახმაროში ადრეც იდგა და უკანონოდ არ აშენებულა. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტებით სხვა რამ ირკვევა. თანმიმდევრობას რომ მივყვეთ, 2012 წლის 3 სექტემბერს, საჯარო რეესტრმა გასცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ნომერი 882012603698; 29/08/2012).
ამონაწერში, მესაკუთრის განყოფილებაში მითითებულია, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებით კი მხოლოდ 100 კვ.მ მიწის ნაკვეთია ნაყიდი.
თუმცა, რეესტრმა ამ დოკუმენტის საფუძველზე მიწასთან ერთად ზედ არსებული შენობა-ნაგებობებიც დაარეგისტრირა (საკადასტრო კოდი 28 24 21 082).
ოფიციალური დოკუმენტით ასევე ირკვევა, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე სახლის მშენებლობის ნებართვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული არ იყო.
ასევე, არ არსებობს ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტი, რადგან თვითმმართველ ორგანოს არც ეს გაუცია.
საჯარო რეესტრში ამბობენ, რომ შენობის აშენების კანონიერების დადგენა სცილდება საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებს და წარმოადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას:
“საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ მალხაზ დუმბაძემ, სარეგისტრაციო განცხადებით _ #882009266450 (31.08.2009), მიმართა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოითხოვა კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
რეგისტრაციისას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საკუთრების მოწმობა) და საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთზე.
რეგისტრაციის შედეგად მომზადდა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საკადასტრო კოდი _ 28.24.21.082).
2012 წელს, დაინტერესებულმა პირმა მალხაზ დუმბაძემ სარეგისტრაციო განცხადებით _ #882012515145 მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. მოთხოვნის დასადასტურებლად წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობა-ნაგებობა _ სააგარაკო სახლი. აღნიშნულის საფუძველზე, დარეგისტრირდა ცვლილება ამონაწერში და საკადასტრო გეგმაზე აისახა შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი _ 28.24.21.082).
2012 წლის 29 აგვისტოს, ქეთევან სალუქვაძემ მიმართა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მალხაზ დუმბაძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა, როგორც მიწა, ასევე, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი _ 28.24.21.082).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მეორე ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. შესაბამისად, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც აღმართულია შენობა-ნაგებობა, არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის #ას-667-634-2013 გადაწყვეტილება).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება, ასევე, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.
საჯარო რეესტრი, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ მონაცემებში ასახავს მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსაც. კანონმდებლობის თანახმად, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დგინდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ამავე წესის დაცვით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დარეგისტრირდა შენობა-ნაგებობა მოცემულ მიწის ნაკვეთზე.
ხოლო თუ რამდენად კანონიერადაა აშენებული შენობა-ნაგებობა, აღნიშნული სცილდება საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებს და წარმოადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.
დამატებით გაცნობებთ, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლში განსაზღვრულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ამ ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას/გადაწყვეტილებებს, მათი გაუქმების მიზნით, შესაძლებელია მიმართოს სასამართლოს”, _ აღნიშნულია საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მენეჯერის მანანა მჭედლიშვილის მიერ “გურია ნიუსისთვის” გამოგზავნილ წერილში.
გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე ამ თემაზე საუბრისას ღიზიანდება და ამბობს, რომ მის მეუღლეს ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვს გაკეთებული. სალუქვაძე ადასტურებს, რომ სახლი მისი მეუღლის სახსრებით იმ პერიოდში აშენდა, როცა ის ციხეში იმყოფებოდა და “ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ თემაზე კითხვები დავუსვათ”.
სალუქვაძე ამბობს, რომ მისი გუბერნატორობისას თვითმმართველ ორგანოს უკანონო მშენებლობების შესახებ მითითებებს აძლევდა და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან ამ თემაზე კითხვები არ ჰქონია:
_ ამ თემაზე არავინ შემხმიანებია და მგონია, რომ ვერც შემეხმიანება და არც შემეხმიანება, _ აღნიშნავს ყოფილი გუბერნატორი
_ რატომ გგონიათ ასე?
_ იმიტომ, რომ ბახმაროში არც ერთი ნებართვა ჩემი თანხმობით გაცემული არ არის. პირიქით, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც დავდიოდი და მითითებებს ვაძლევდი უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით.
_ მითითებას თუ აძლევდით, რატომ არ დააჯარიმეს ვინმე თქვენი გუბერნატორობის დროს?
_ მე არ ვიცი, რატომ. კადრებიც არის გადაღებული, როცა მე იქ ავედი. თუ გახსოვთ, გენერალური გეგმის გაკეთებაც ჩემს პერიოდში მოხდა. ეს იდგა ქაოტურად აშენებული სახლები, რომლის კანონიერების და უკანონობის გარკვევა საერთოდ რთული იყო. როცა ვხედავდი მხოლოდ და მხოლოდ ახალაშენებულს და როცა ხდებოდა უშუალო მშენებლობა. მაგალითად, შესასვლელთან მივეცი მითითებები.
_ მერე არ მოგიკითხავთ, რატომ არ მოხდა დაჯარიმება და დემონტაჟი?
_ როგორ არ მომიკითხავს?! როგორც ვიცი, დაჯარიმებული იყო გამგეობის მიერ.
_ ბატონო გია, ჩვენი ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოს კითხვები აქვთ თქვენი მეუღლის საკუთრებაში არსებულ სახლთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობის ნებართვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული არ არის.
_ რა კავშირი შეიძლება აინტერესებდეს ანტიკორუფციულს, როცა 2012 წელს მე გახლდით ციხეში და გუბერნატორი გავხდი 2015-ში?! რას მიხსენებთ, რა ზღაპარს მიყვებით?!
_ ბატონო გია, სახლის მშენებლობის ნებართვა გაქვთ?
_ არანაირი უკანონო არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა ამონაწერი, პროექტი და ყველაფერი.
_ შეგიძლიათ ნებართვა გვანახოთ?
_ რატომ უნდა განახოთ? მე კერძო პირი ვარ და ვინ ხართ თქვენ?! ნებართვა რომ არ ყოფილიყო, საჯარო რეესტრი არ გაატარებდა.
_ საჯარო რეესტრი არ ითხოვს მშენებლობის ნებართვას დარეგისტრირების დროს…
_ რეესტრი თუ არ ითხოვს, თქვენ რატომ ითხოვთ, ვერ გავიგე.
_ ჩვენ ფაქტებს ვამოწმებთ და გავარკვიეთ, რომ მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. კანონის თანახმად ლეგალიზება ეხება მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც 2007 წლამდე არსებობდა _ მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი დაკანონება. თქვენი მეუღლის სახელზე გაფორმებული სახლი კი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, აშენებულია 2007 წლის შემდეგ.
_ თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ, რომ ციხეში მყოფ ყოფილ გუბერნატორს სახლზე ედავებით?! იმდენი რამე ხდება თქვენ ირგვლივ და ამაზე თვალს რომ ხუჭავთ, ეგაა პრობლემა. მე კერძო პირი ვარ!
_ ბატონო გია, თვალს რომ არაფერზე ვხუჭავთ, იმიტომაც ვსვამთ ამ კითხვებს, ვმუშაობთ თემაზე და გეკითხებით _ როცა ნახულობდით უკანონონო მშენებლობებს და მითითებებს იძლეოდით, მაშინ რატომ არ მოხდა თქვენს მითითებებში თქვენი მეუღლის სახლი, რომლის მშენებლობის ნებართვა არ არსებობს?
_ ჩემი მეუღლის სახლი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, არსებობს ყველა დოკუმენტი და ამ თემაზე მეტი აღარ დამირეკოთ. თუ უნდა, ანტიკორუფციულმა დამირეკოს, _ აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.
სხვა თემაა ის, რომ გია სალუქვაძის მეუღლემ მიწის და სახლის რეგისტრაცია იმ დროს მოახერხა, როცა ბახმაროში ქონების დარეგისტრირებას ვერავინ ახერხებდა, უკანონოდ “დაკანონებული” მიწების გამო სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, თავად გია სალუქვაძე კი პოლიტდევნილის სტატუსით ციხეში იჯდა, მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკისთვის.
ჩვენი ინფორმაციით, ამ თემაზე სუს-ი არ მუშაობს _ საგამოძიებო უწყება მხოლოდ კორუფციული სქემებით და იმის გარკვევით არის დაკავებული, რატომ არ ხდებოდა ამ დრომდე უკანონო მშენებლობებზე ჯარიმების დაწერა და ხომ არ სარგებლობდნენ სხვადასხვა პირები პრივილეგიებით.
სუს-ს რომ ეს კითხვები აქვს, ჩვენთან საუბრისას ოფიციალურად დაადასტურა ჩოხატაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ლომთათიძემ. მისივე თქმით, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებს უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები დავით საჯაიასთანაც ჰქონდა და კურორტის დირექტორის და გამომძიებლების შეხვედრა ბახმაროში ნამდვილად შედგა.
ლომთათიძემ ისიც გვითხრა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ლეგალიზების პროცედურებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ “ლეგალიზების კომისია კანონის ფარგლებში მუშაობს” და ყოველგვარ კორუფციულ სქემაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.
ამ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ; მედიასთან კონტაქტზე არც საქმის გამომძიებლები გამოდიან.
ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ თუკი მას ექნება დადასტურებული ინფორმაცია მისი თანამშრომლების მხრიდან კანონდარღვევებზე, რეაგირებას აუცილებლად მოახდენს. ჩოხატაურის პირველი პირი ადასტურებს, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს:
“ამის შესახებ არა თუ ვფლობთ ინფორმაციას, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ კიდეც. ამაზე შემდეგი ციფრებიც მეტყველებს: ოთხ უკანონო მშენებლობის მწარმოებელ ფიზიკურ პირზე დაწერილია ბრძანება _ თითოეულის 25 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილებები დაეგზავნათ სამართალდამრღვევ პირებს და მათი მხრიდან იგნორირების შემთხვევაში, გახორციელდება იძულებითი აღსრულება. დაჯარიმება დემონტაჟსაც ითვალისწინებს. 12 პირზე აღსრულებაშია გადაგზავნილი საქმე დემონტაჟის თაობაზე. გარდა ამისა, უკანონო მშენებლობის თოთხმეტ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც, დიდი ალბათობით, დემონტაჟის გადაწყვეტილებით დასრულდება”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
_ ბატონო ირაკლი, უკანონო მშენებლობების შესახებ “გურია ნიუსი” გასულ წელსაც წერდა. რატომ არ დააჯარიმეს მაშინ ის ადამიანები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს?
_ როგორც ზემოთ ვთქვი, უკანონო მშენებლობების ნაწილი, სწორედ გასულ წელს არის გამოვლენილი. ხშირად ძნელია ქონების ნამდვილი მეპატრონის დადგენა, დაქირავებული მშენებლები, როგორც წესი, მალავენ მეპატრონის ვინაობას. შესაბამისად, ამას დრო ჭირდება.
_ გაქვთ თუ არა ინფორმაცია ბახმაროს ადმინისტრაციის მხრიდან შესაძლო კორუფციულ სქემებში მონაწილეობის შესახებ? ამ სქემას ლეგალიზაციის კომისიას უკავშირებენ და, ჩვენი წყაროს თქმით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ლეგალიზაციის კომისიასთან შეთანხმებით ახდენდა ახალი სახლების ძველად “გაფორმებას” და შემდეგ მის რეგისტრირებას…
_ მსგავსი დადასტურებული ინფორმაცია რომ გვქონდეს, როგორ ფიქრობთ, რეაგირების გარეშე დავტოვებდით? არაერთგზის იქნა შესაბამისი სამსახურები მკაცრად გაფრთხილებული… აქვე უნდა ითქვას, რომ მშენებლობები, რომლებსაც მოაგარაკეები აწარმოებენ, ზოგს ყველა უკანონო ჰგონია. მშენებლობის ნებართვა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე გაიცემა. ამას წინ უსწრებს ეკონომიკის სამინისტროში პროექტის შესაბამისობაზე გადაგზავნა და თანხმობის მიღება. ეს პროცესი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, მით უმეტეს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული და მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული ბახმაროს განაშენიანების გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ. საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როცა კერძო პირმა კერძო პირისგან შეიძინა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი და ზემოთ აღწერილი პროცედურების გავლით მიიღო მშენებლობის ნებართვა… ან კიდევ საჯარო რეესტრმა, წარდგენილი დასაბუთების საფუძველზე, დაარეგისტრირა ნაკვეთი. ასევე, 2007 წლამდე აშენებული სახლი ან ნანგრევი, რომელიც ორთოფოტოზე ფიქსირდება, ლეგალიზაციისა და შემდგომში ნებართვის გაცემის ქვემდებარეა. ამ კანონით ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ კურორტი ყველა ხელისუფლების “აქილევსის ქუსლია”?
_ შეიძლება ითქვას, რომ ასე იყო მაშინ, როდესაც ბახმარო ანგარიშსწორების, მათ შორის, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენებოდა. თქვენ კარგად გახსოვთ, მართლზომიერი თუ არამართლზომიერი მფლობელი, ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდა და ნაკვეთებს სახელმწიფოსთვის “ნებაყოფლობით” აბრუნებინებდნენ. ასეთ პირობებში აკრძალვა უფრო იოლია, ვიდრე რეგულაცია კანონის დაცვით. თუმცა, დარღვევებზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ჩვენ ამ მხრივ მუშაობის გააქტიურებას ვგეგმავთ შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან კოორდინაციაში.
_ და ადრე თუ ნებაყოფლობით აბრუნებინებდნენ, როგორც ამბობენ, ახლა უკანონოდ დარეგისტრირებაში ეხმარებიან თანხის სანაცვლოდ…
_ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ _ “ამბობენ”, სამართლებრივ არგუმენტად არ გამოდგება. დადასტურებულ დარღვევებზე ან კორუფციაზე, თუ ასეთი გამოვლინდება, ყველამ პასუხი უნდა აგოს, _ აღნიშნავს ჩოხატაურის მერი.