ვინმემ მოგვხედეთ, მოგვაქციეთ ყურადღება, გაგვიგეთ, პასუხი გაგვეცით კითხვებზე _ რა ხდება ბახმაროში, გინახავთ?! ყოფილხართ უახლოეს დროში?! გვახრჩობენ უწყლოდ, შუქი მიდი-მოდის, ესაა 21-ე საუკუნის კურორტი? _ რამდენიმე დღეა “გურია ნიუსი” მსგავსი შინაარსის წერილებს იღებს.
ბახმაროში არსებული პრობლემების შესახებ წერს ფეისბუქჯგუფში “ბახმარო” კურორტზე მყოფი დამსვენებლებიც წერენ.
_ ბახმაროს ,,პატრონი” ჰყავს? უწყლობა, უშუქობა…მე-20 საუკუნის მიწურულია? _ წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელსაც აინტერესებს, რას ფიქრობს ბახმაროში არსებული პრობლემების შესახებ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
_ საინტერესოა, რას ფიქრობს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით? _ კითხვას სვამს ლომთაძე. იქვე პრობლემებით შეწუხებული სხვა ადამიანებიც პასუხობენ.
_ კარგი იქნებოდა ნაძვნარისთვისაც მიეხედათ, დაავადებულია, ხეები ხმება;
_ უპატრონოა ბახმარო;
_ ყოველთვის ეგრე არ იყო?
_ ფულის შოვნით არიან დაკავებულები, არ შეაწუხოთ!
_ ნამდვილად! და არა მგონია პატიოსანი შრომით;
_ ეგ რომ ვთქვი, ჩამქოლეს! უპატრონოდ არის! არა გაზი, არა შუქი, არა წყალი! ნაგავი ყველგან მოშლილი! ფასები ხელოვნურად გაზრდილი! განუკითხაობა!
_ ბოლოს მეშინოდა კიდეც ვინმე არ შემოსულიყო სახლში მოსაპარად.
_ ფასები არაადეკვატური და ყველანაირად მოუწესრიგებელი ეს საოცარი კურორტი!
_ რა უგავს ნაპატრონებს. ჯერ რას დაამგავნენ საერთოდ, ვინ სად რას შობა, კაცი ვერ გეიგებს, _ მსგავს კომენტარებს მრავლად შეხვდებით სოციალურ ქსელში.
აღნიშნულთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” დაუკავშირდა დავით ჟღენტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა ბახმაროში.
დავით ჟღენტის თქმით, კურორტზე უწყლობის პრობლემა ნამდვილად დგას.
“უწყლობის სერიოზული პრობლემაა წელს ბახმაროში. წყლის დებეტი, ფაქტობრივად, არაა. ნალექი არ იყო, 1.20 მეტრი იყო წელს თოვლის საფარის სიმაღლე ბახმაროში. წყლის მოხმარების დონემ მოიმატა _ თითქმის ყველა ოჯახს სახლში აქვს შეყვანილი. გვესმის, წყალია და აუცილებელია ყველასთვის და სჭირდებათ, მაგრამ დებეტი აღარაა. თან მიდიან, აზიანებენ სათავიდან მომავალ მილებს _ მივა ერთი, გადაჭრის, ჩააბმს, მერე მეორე _ ასე დაზიანებულია უამრავ ადგილას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წყალია, სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგრამ არაა დებეტი.
თან გვალვებია, დამშრალია წყაროები. რომ ივსებოდა ორი 25 ტონიანი ავზი, ახლა ერთი შუამდეც ვერ ივსება.
გაკეთებულია ძალიან დიდი პროექტი და მომავალი წლიდან წყალი და კანალიზაცია კაპიტალურად გაკეთდება. ეს პრობლემაც საბოლოოდ გადაიჭრება, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას დავით ჟღენტი.
რაც შეეხება უშუქობას, მერის წარმომადგენლის თქმით კურორტზე ამის პრობლემა არ დგას.
_ შუქთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. კურორტს უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ, როცა ახალი დამსვენებელი ამოდის, ხომ არის ახალი დაერთებები, ჩართულზე ვერ იმუშავებენ. მცირე ხნით ეზღუდება კონკრეტულ უბანს ამის გამო. რაც შეეხება ნაგვის ბუნკერებს, მანქანა ყოველდღე ამოდის და გააქვს ნარჩენები, _ ამბობს დავით ჟღენტი.
კურორტზე არსებულ “არაადეკვატურ ფასებთან” დაკავშირებით, დავით ჟღენტი ამბობს, რომ ეს კერძო საკუთრებაა და მასში ვერ ჩაერევიან.