“გთხოვთ, დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ვინმეს ხმა, რომ ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, სოფელ გუთურში ცხოვრება შეუძლებელია. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს ავტომანქანები ისეთი სისწრაფით დადიან, რომ ეზოდან ვერ გამოვდივართ”, _ ასეთი თხოვნით ესტუმრნენ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის მაცხოვრებლები.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავარიები ხშირია:
_ ხან ვისი ღობეა გატანილი და ხან _ ვისი. მაინდამაინც ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ ყურადღება მოგვაქციონ? წლებია, ვითხოვთ, ბარიერები და სიჩქარის შემზღუდავი დააყენონ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. სულ სწრაფად დადიან, თუმცა, ახლა განსაკუთრებულად რთული ვითარებაა. საკურორტო სეზონია და ბახმაროში მიმავალ და იქიდან მომავალ მანქანებს შეჯიბრი აქვთ გამართული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯემალ ჩხიკვიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე არც საპატრულო პოლიცია მოძრაობს, რომელთა განმარტებით, მათ ამის უფლება არ აქვთ.
_ მაინდამაინც ვიღაც უნდა დაიღუპოს რომ რეაგირება მოახდინონ? _ ამბობს ჩხიკვიშვილი.
ადგილობრივების თქმით, წლები წინ, როცა ბახმაროსკენ მიმავალი ცენტრალურ გზას აკეთებდნენ, გუთურში, გზის სავალი ნაწილი დაავიწროვეს და დაპირების მიუხედავად, არც არხები გააკეთეს:
_ ტროტუარი არ არსებობს. ფეხით მოსიარულეებისთვის გზა საერთოდ არ არის. როცა საყვედური ვუთხარით ამის გამო, გვითხრეს, რომ მალე გააკეთებდნენ, თუმცა, ეს მალე წლებს ითვლის, _ აღნიშნავენ ადგილობრივები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ჩოხატაური-ბახმაროს გზა, საგზაო-დეპარატამენტის მოვლა-შენახვის ქვემდებარეა და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არ არის:
_ იქიდან გამომდინარე, რომ გზა არ არის ჩვენს მფლობელობაში, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ცენტრალურ გზებზე, სადაც არ არის განთავსებული სკოლა ან საბავშვო ბაღი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დაყენებას კანონი არ ითვალისწინებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ გუთურის ცენტრალურ გზაზე ჩოხატაურის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ:
_ აღნიშნული მონაკვეთი საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალში არ შედის და ამიტომ, ამ გზაზე ჩოხატაურის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. რაც შეეხება არსებული პრობლემის მოგვარების გზა _ ახლა, საქართველოს ცენტრალურ გზებზე მიმდინარეობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების მონტაჟი, რაც საჭიროა ჭკვიანი კამერების დასაყენებლად. ამ მნიშვნელოვან პროექტში გათვალისწინებულია სოფელი გუთური და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქსელის მონტაჟი, დაერთდება კამერა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ.