ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2″ ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა.
EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკოს” სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის – ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. “ბახვი 2” ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, “ბახვი 3” ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური – სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს “ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის” მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს “ბახვი 2”-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება.
გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს.
ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი.