ჩვენს რუბრიკაში ბახვის მამასახლისის შესახებ სინტერესო ამბავს შემოგთავაზებთ ანა ბერძენიშვილის ნაშრომიდან. ქალბატონი ანა იყო ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ღირსების ორდენოსანი.
„რამდენი რამ გვევალება ქართველთა ცხოვრებაში. წარსული და აწმყო განუყოფელია დავიწყება კი სრული გადაგვარებაა. ამიტომაც გავიხსენე ერთი ძველი, მეტად საინტერესო ამბავი, მგონი თქვენც დაგაინტერესებთ, გურიაში, ამ ლამაზ მხარეში სოფელი ბახვი ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი სოფელია: მრავალი სახელოვანი შვილის გამზრდელი, მაგრამ ერთი მაინც ვფიქრობ, კანდელად რომ დაგვნათის დღესაც და გვმოძღვრავს, გაბრიელ ეპისკოპოსია (ქიქოძე). ნათელი მისი ისევ ძალმოსილია. დღესაც სოფლის უკვდავსაყოფად საკმარისია საქმენი მისი.
ბახვს შვიდიოდე სოფელი ესაზღვრება და ისინი ბახვის თემში ერთიანდებოდნენ. მათ ერთი ხელისუფალი _ მაშინდელ მამასახლისი ჰყავდათ. ის განაგებდა სოფლებს. მას ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა სოფლის ყველა მკვიდრთან.
იდგა წელი 1917. დაიქუხა ოქტომბრის რევოლუციამ. ოზურგეთში დეპეშაც მოვიდა, მთავრობა გარდაიცვალა. რუსეთის სამასწლოვანმა რომანოვების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. ნიკოლოზი და მისი ოჯახი (ძაღლითურთ და მოსამსახურეთურთ) დააპატიმრეს. მაგრამ მანამდე რა იყო _ რუსეთი ომში იყო ჩამბული, მასში ქართველებიც მონაწილეობდნენ. მეფემ ჯარისკაცებს ოჯახების საარსებოდ ოქროს ფული გამოუგზავნა.
დავუბრუნდეთ პირველ თქმულს: როგორი მამასახლისი ჰყავდა იმ პერიოდში ბახვს? გადმოცემით წყნარი და მშვიდი კაცი ყოფილა ბახვის მამასახლისი თურმე. მაღალი, გამხდარი, კეთილი გამომეტყველებით. ცხოვრების ღრმა ცოდნით სიყვარულს იმსახურებდა სოფელში.
მთავარი: ხალხის გასაჭირი საკუთარ გასაჭირად მიაჩნდა თურმე, ამიტომაც უყვარდათ. სოფელში ცნობა მოვიდა: მამასახლისი ჩამოვიდეს და ჯარისკაცთა ოჯახების ფული წაიღოსო.
აი, რას იგონებს მამასახლისი: ოზურგეთში, რომ ჩავედი, დიდი არეულობა დამხვდა. მეფისა და მისი მოხელეების სურათები თავდაღმა ეკიდა, იყო შეძახილები, ხმაური, მხიარულება, ხალხი ზეიმობდა ნანატრ თავისუფლებას.
მამასახლისმა ბანკს მიაშურა თურმე, იქ მის სახელზე გასცეს ერთი ტომარა ბაჯაღლო ოქროს ფული (სულ ათმანეთიანები). არეულ დროში ამოდენა სიმდიდრის მარტო ნდობა არ შეიძლებოდა და მამასახლისს უთხოვნია, ორი სტრაჟნიკი მაინც გამატანეთო. ეტლი დაუქირავებია და წამოსულან მშვიდობით, ჩამოვიდნენ სოფელში და ერთ კვირას არიგებდა ამ ოქროებს ბახვის მამასახლისი. შვიდი სოფლიდან ერთი ჯარისკაცის ოჯახიც კი არ დარჩენილა უფულოდ. ყველამ მიიღო ერთდროულად დახმარება, ესაა ჭეშმარიტება.
ოქრო მიეცათ ჯარისკაცთა ოჯახებს. თურმე, ერთი ათმანეთიანიც კი არ აუღია ტომარა ოქროებიდან ბახვის მამასახლისს. დღეს შეიძლება კიდეც გაგიკვირდეთ. ოქრო ხომ “ეშმაკის კვერთხია“. მაცდუნებელი, სხვადასხვაგვარად გამოყენებული, მოპარული, შენახული მიწაში ჩაფლული, სამემკვიდრო სამკაულებად და ასე შემდეგ. ალბათ, დაგაინტერესებთ მაინც, ვინ იყო ეს უცნაური კაცი მამასახლისი? მისი ქმედება ყველა დროში მისაღებია და სამაგალითოა!
იგი ჩემი დიდი წინაპარია, წარმოშობით ბაღდადელი. დღეს დავიწყების ფერფლით დაფარული, ვიღას ახსოვს, წავიდა ის თაობა, ბაღდადშიც და ბახვშვიც, ვინც იცნობდა და აფასებდა. სოფელში თუ რაიმე სადავო საქმე ირჩეოდა, ნიკო ბერძენიშვილს ვკითხოთ და ის გვეტყვის, როგორ მოვიქცეთო, _ ამბობდნენ. ბრძენი კაცის სახელი ჰქონდა ამის დასტურად, ერთ შემთხვევას გადმოგცემთ.
37-ში გადასახლება მის ვაჟსაც კი მოუწია, კარებსაც კი კოცნიდა თურმე აღელვებული შვილი, როცა მოხუცმა მამა მშვიდად უთხრა: ნუ გეშინია, შვილო, ეს კანონი ადამიანებმა შექმნეს, მარადიული არაფერია ამ ვეყნად. შემქმნელნი გააუქმებენ, შენ დაბრუნდები. მართლაც, იგი მოესწრო შვილის დაბრუნებას. თავის შთამომავლობაში მხოლოდ მან იცოცხლა 83 წელი, ღრმად მოხუცი წელში მოუხრელი, ვაჟკაცური გამოხედვით და საღი აზროვნებით ხიბლავდა ყველას.
ნიკოს ოჯახს ბევრი განსაცდელი გადაუტანია. იყო მძიმე 1924 წელი, რომელსაც სასწაულად გადაურჩა… შემდეგ 1937 წელი, შვილი გადაუსახლეს, მეორე ვაჟი კომუნისტებმა შეიწირეს. ერთმა დაბრუნებულმა შვილმა გაამრავლა ოჯახი შვილიშვილებით. იტყოდა თურმე მოხუცი _ კიდევ მე ვბჟუტავ და გვარს ვაგრძელებო. დიდ ბაბუას შვილიშვილები ხშირად ხუმრობით საყვედურობდნენ თურმე: ერთი ათმანეთიანი ოქრო მაინც შეგენახა ჩვენთვისო. არა, ბაბუა, სხვისი არაფერი შეგერგებათო, _ იყო მშვიდი პასუხი.
ამიტომაც ვიფიქრე, გადამეცალა დავიწყების ფერფლი ამ კაცურიკაცისთვის. მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ გვყავდნენ უბრალო ადამიანები…
ანა ბერძენიშვილი