საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისმა “ბარამიძე ჰესის“ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შენიშვნები და მოსაზრებები გააგზავნა.
საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
ამჯერად, გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც, ვფიქრობთ, მოცემულ შემთხვევაში არასაკმარისად არის დასაბუთებული და უამრავ კითხვას აჩენს.
მოგეხსენებათ, პროექტის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნას მიჩნეული მიზანშეწონილად, თუკი მას მოაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი (გარემოზე ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და სარგებლის ურთიერთშეწონის გათვალისწინებით). ვნახოთ, რა ეკონომიკურ სარგებელზეა საუბარი „ბარამიძე ჰესის“ შემთხვევაში.
რას ვკითხულობთ სკოპინგის ანგარიშში?
საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით ექსპლუატაციის საწყისი 10 წლის განმავლობაში, ენერგოდეფიციტის თვეებში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი) ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%-ის რეალიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივ ბაზარზე, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ გაფორმებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა გაზრდის ყოველი წლის 8 თვის პერიოდში თბოგენერაციის და ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლების პერსპექტივებს და შესაბამისად ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობას;
რას ვკითხულობთ მემორანდუმში?
საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად, „საქართველოს ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში, ყოველი წლის ზამთრის თვეებში, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია სრულად უნდა განხორციელდეს საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე.“ აღნიშნულ პერიოდში „ელექტროენერგიის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ექსკლუზიურად „ესკოზე“ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, მიღების პუნქტში ტარიფით 6 აშშ ცენტი – 1 კვტ.სთ, დღგ-ს გარეშე.“ მემორანდუმის მე-8 და მე-9 პუნქტები ადგენენ ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ კომპანიის მიერ გაწეული დადასტურებული საინვესტიციო დანახარჯის მიხედვით ტარიფის ოდენობის ცვლილებასთან დაკავშირებულ პირობებს. აღნიშნული პუნქტების მიხედვით, ტარიფის შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი კომპანიის მიერ გაწეული დადასტურებული საინვესტიციო დანახარჯი იქნება დაგეგმილზე ნაკლები (რაც თავის მხრივ ნაკლებად მოსალოდნელია). სხვა შემთხვევაში კი „ესკოს“ მიერ კომპანიისგან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი 6 აშშ ცენტი იქნება, 10 წლის მანძილზე ელექტროენერგიის ბაზარზე ფასების ცვლილების მიუხედავად.
რა ღირს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგია?
საქართველოში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე საშუალო ფასი 2019 წლის მონაცემებით 4,8 აშშ ცენტი იყო, ხოლო 2020 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით – 3,9 აშშ ცენტი.
შენიშვნები:
რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება 6 აშშ ცენტად ელექტროენერგიის შესყიდვის რელევანტურობა იმ პირობებში, როდესაც იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი ნაკლებია.
საკითხავია, ასევე, მდგრადი განვითარების ჭრილში ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის საბოლოო მიზანს რამდენად უზრუნველყოფს მხოლოდ ექსპლუატაციის საწყისი 10 წლის განმავლობაში ენერგოდეფიციტის თვეებში (სულ 8 თვე) ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, თანაც ზემოთ მითითებულ ფასად.
დეტალურ განხილვას, გაანგარიშებასა და დასაბუთებას საჭიროებს, ასევე, 10 წლის გასვლის შემდეგ რა კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს სახელმწიფო ჰესის ექსპლუატაციით”, _ აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.