ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელთანაც თვითდასაქმებულთა ბაზის შედგენა იქნება დაკავშირებული. მისი თქმით, მოსალოდნელია, მოქალაქეების ნაწილმა, ფიქტიური დამსაქმებლების მოძიება დაიწყოს და შემწეობის მისაღებად, სახელმწიფოს ყალბი დოკუმენტაცია შესთავაზოს.
„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია თვითდასაქმებულთა გაკონტროლება. თუმცა, სწორედ ამიტომ, ონლაინრეგისტრაციის ან ფიზიკური რეგისტრაციისას, პირებს მოეთხოვებათ გარკვეული ტიპის საბუთების წარმოდგენა. ამ საბუთების განხილვა კომისიური წესით მოხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ იქნება პრობლემები ფიქტიურ დოკუმენტებთან დაკავშირებით და ეს პროცესი ვერ იქნება ისეთივე გამართული, როგორც – ფორმალურად დასაქმებულების იდენტიფიცირების შემთხვევაში. კრიზისული მგდომარეობიდან, მიდგომა ასეთია, – მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, მიიღონ დახმარება და მოსალოდნელი ცდომილება დავუშვათ სწორედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ცდომილებები რომ იქნება, ამას ვაღიარებთ. თუმცა, კომისია მაქსიმალურად ეცდება, გაცხრილოს დოკუმენტები და დადოს სწორი სიები“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
წყარო: imedinews