აშშ-ში მოღვაწე ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების პრეპარატ პლაქველინით მკურნალობის შესახებ დაწერა და რომლის განცხადებასაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, სოციალურ ქსელში ქართველ ექიმებს მიმართავს:
“ერთი თხოვნა მაქვს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებთან და არამეგობრებთანაც, უბრალოდ პატიოსან კოლეგებთან და პატიოსან ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მკურნალობენ უმსუბუქეს, ასიმპტომატურ პაციენტებს პლაქვენილით თბილისში. ძალიან გთხოვთ, დამიდასტურეთ სახელებით, რომ ეს ხდება. დამიდასტურეთ იმისათვის, რომ უბრალოდ დაიცვათ ადამიანი ცილისწამებისაგან, დაუმსახურებელი შეურაცხყოფისაგან.
ამ ხნის განმავლობაში არაერთი თქვენთაგანის წერილი მივიღე, სადაც თქვენი თხოვნით ის პრობლემები გავაჟღერე საჯაროდ, რომელთა თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავთ, მაგრამ საოცრად გაშფოთებთ და გაშინებთ.
ვერ ბედავთ იმიტომ, რომ დასაბუთებულად გეშინიათ შურისძიების, სამსახურის დაკარგვის.
ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც მე სტატუსი დავწერე, იყო ის, რომ პაციენტები დამეცვა ტოქსიკური პრეპარატის შესაძლო მავნე გავლენისაგან, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი, შეუქცევადი გართულება შეიძლება გამოიწვიოს. დავწერე იმიტომ, რომ რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მივიღე კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც ამ მეთოდით მკურნალობენ. არც გამკვირვებია, რადგან ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა პაციენტმა, რომლის დაავადებაც ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ.
იმედია, გაბედავთ.
გაბედავთ არა ჩემთვის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად. თუ არა, ამასაც გავიგებ. რაც შეეხება ბატონ თენგიზ ცერცვაძის უსუსურ პასკვილს _ ბატონო თენგიზ,
თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა და თუ რატომ, ეს ჩემზე უკეთ იცით” , – წერს ზურაბ გურული.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ზურაბ გურულის განცხადება არის “ტყუილი და დეზინფორმაცია.
“ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა. ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ. კერძოდ:
ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ.
ზემოთაღნიშნულის სისწორეში შეიძლება დარწმუნდეს ნებისმიერი მსურველი, ვინც გაეცნობა COVID-19-ის კლინიკური მენეჯმენტის ქართულ პროტოკოლს, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდებზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ბუნებრივია ისმება კითხვა – რატომ დასჭირდა ბ-ნ გურულს, რომელმაც იმედი გვაქვს წერა-კითხვა იცის „თეთრზე შავის“ თქმა? ვფიქრობთ, კომენტარი აქაც ზედმეტია”, _ განაცხადა ცერცვაძემ.