დღევანდელი სპორტული მოგონებების მთავარი გმირი ცნობილი ქართველი სპორტსმენი ქეთევან ლოსაბერიძე გახლავთ. ქალბატონი ქეთევანი მეოცე საუკუნის უძლიერეს ქართველ ქალ სპორტსმენადაა აღიარებული, ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესა და ნინო სალუქვაძესთან ერთად. ამის გარდა ქეთევან ლოსაბერიძე ერთადერთი ევროპელი მშვილდოსანია რომელსაც ოლიმპიურ თამაშებში გაუმარჯვია.
ქალბატონი ქეთევან ლოსაბერიძე დღეს ჩვენი სტუმარია და საკუთარ სპორტულ ბიოგრაფიას თავად გაიხსენებს.
“მშვილდოსნობაში ვარჯიში ქუთაისში დავიწყე, მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტის პირველკურსელი ვიყავი. მე და ჩემს რამდენიმე თანაკურსელს ბატონი შალვა ჯაშიაშვილი შეგვხვდა და ვარჯიში შემოგვთავაზა. დავინტერესდი. ფიზიკურ დატვირთვებთან შეგუება არ გამჭირვებია – შრომას ხომ ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი!
მაშინ სად იყო ისეთი ინვენტარი, როგორიც დღეს აქვთ მშვილდოსნებს. არც შევადარებ ჩვენს დროინდელს! ბატონ შალვასთან ერთად გოგონები დროგამოშვებით ბაზარში დავდიოდით და ინდაურებს ჩუმად ვაჭრიდით ფრთებს. ცხადია, მალე გამოაშკარავდა ჩვენი „ამბავი” – ბატონ შალვას რომ დაინახავდნენ, ქალები ამ უწყინარ ფრინველს კალთის ქვეშ მალავდნენ.
პირველ წარმატებას 1967 წელს, ვარჯიშის დაწყებიდან ერთ წელიწადში მივაღწიე – ქუთაისში, „დინამოს” სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა და პირველი ადგილი დავიკავე. მას შემდეგ, რაც მშვილდოსნობა ოლიმპიადის პროგრამაში დაბრუნდა, უფრო ინტენსიურად დავიწყე ვარჯიში, თან, სპორტის ეს სახეობა საკავშირო სპორტკომიტეტმაც დაამატა ხალხთა სპარტაკიადის პროგრამას.
1971 წელს საკავშირო სპარტაკიადაზე ვიასპარეზე. პირად ჩათვლაში მე-5 ადგილზე გავედი, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ჩემთან ერთად ნაკრებში გუგული რიჟამაძე და ლუბოვ ასატუროვა ასპარეზობდნენ. ლუბა იმ წლებში საუკეთესო იყო – სპარტაკიადაზე პირად ჩათვლაში გაიმარჯვა და წლის ბოლოს საკავშირო თასიც მოიგო. სხვათა შორის, ის მშვილდოსნობაში ერთი წლის მოსული იყო, მანამდე ნიჩბოსნობაში ვარჯიშობდა.
იმავე წელს პირველად ვიასპარეზე საერთაშორისო ტურნირში. ეს საფრანგეთში, სტრასბურგში მოხდა. იქ მხოლოდ იმიტომ წამიყვანეს, რომ ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი და პერსპექტიულად ვითვლებოდი. დიდ ასპარეზზე დებიუტის წინ ბევრი ვინერვიულე, ამის გამო კი პრიზიორთა შორის ვერ მოვხვდი. თუმცა, ეტყობა მაინც კარგად გამოვედი, რადგან მწვრთნელებმა ჟენევაშიც წამიყვანეს. ის შეჯიბრება ჩემი გამარჯვებით დასრულდა!
სტაბილური შედეგების გამო საბჭოთა კავშირის ნაკრებში მალევე მოვხვდი. 1972 წელს მე, ემა გაპჩენკომ და ვალენტინა კოფმანმა ლუქსემბურგში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიგეთ! ის ტურნირი ჩემთვის ორმაგად ტკბილადმოსაგონარია, რადგან მანამდე პირად ჩათვლაშიც გავიმარჯვე, 70-მეტრიან დისტანციაზე კი მსოფლიო რეკორდი დავამყარე!
მიუნხენის ოლიმპიური თამაშების წინ ფავორიტად ვითვლებოდი, მაგრამ საბოლოოდ მე-4 ადგილი დავიკავე – ბრინჯაოს მედალოსანს ემა გაპჩენკოს მხოლოდ ქულით ჩამოვრჩი. თუ არ მეშლება, ჩემპიონი ამერიკელი დორინ იულბერი გახდა, მეორე ადგილზე კი პოლონელი ირენა შიდლოვსკა გავიდა. ცხადია, გული დამწყდა, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული და მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი. ჩვენმა მწვრთნელმა არსენ ბალოვმა თქვა, ქეთევანმა ოქრო დაკარგა, ვერცხლი დათმო და ბრინჯაო გააჩუქაო.
მომდევნო წელს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოვიგე გუნდურში, საკავშირო ჩემპიონატზე კი პირად პირველობაზე გავიმარჯვე. წარმატებები არც მომდევნო წლებში მაკლდა – პოლონეთში ლოძის და იტალიაში მილანის საერთაშორისო ტურნირებში გავიმარჯვე. მილანში, „ამბროზიანოს” თასის მოგების შემდეგ მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანჩესკო რუსკონიმ საზეიმო ვახშამზე შინ მიგვიწვია და ვერცხლის ყელსაბამით დამაჯილდოვა!
1975 წლის დასაწყისში სპორტკომიტეტს განცხადებით მივმართე, ნაკრებიდან გამათავისუფლეთ-მეთქი. ყველას გაუკვირდა, წარმატებული სპორტსმენები ასეთ ნაბიჯებს, როგორც წესი, არ დგამდნენ. საქმე ისაა, რომ 1974 წელს დავქორწინდი, დედობაზე ვოცნებობდი, ოჯახს და დიდ სპორტს კი ვერაფრით შევუთავსებდი ერთმანეთს.
სპორტში საქართველოს სპორტკომიტეტის მესვეურების თხოვნით დავბრუნდი. 1978 წელს ისინი ჩემს მეუღლეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, თუ 1979 წელს საკავშირო სპარტაკიადაზე პრიზიორთა შორის მოხვდება, ვაკეში ოროთახიან ბინას მიიღებთო. მაშინ არ იყო იოლი ბინის მიღება, თან ასეთ უბანში. ცხადია, ეს დიდი სტიმული იყო. ვარჯიში დავიწყე, სპარტაკიადაზეც გამოვედი და მეორე ადგილი დავიკავე – ნატალია ბუტუზოვამ მაჯობა. იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი მათემატიკის კურსს ვკითხულობდი. კათედრის გამგემ პოლიკარპე ზერაგიამ ჩემი წარმატების ამბავი რომ შეიტყო, შესანიშნავად იხუმრა – ქეთევანი ბინას უმიზნებდა და როგორ ააცდენდაო!
მოსკოვის ოლიმპიური თამაშების წინ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი – ზედიზედ ვიგებდი ტურნირებს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნაკრებში ადგილის მოსახვედრად ბოლომდე უნდა მებრძოლა. ერთ-ერთ ბოლოსწინა შეჯიბრებაზე, პოლონეთში, მესამე ადგილი დავიკავე, ამის გამო გუნდის ხელმძღვანელებმა ლამის ნაკრებს მიღმა დამტოვეს. მე, ნატალია ბუტუზოვა, ოლგა როგოვა და რუსტამოვა – ჩვენ ოთხნი ვიყავით კანდიდატები. საბოლოოდ მე და ბუტუზოვა შეგვიყვანეს გუნდში. როგოვას უზბეკეთის სპორტის მესვეურები მფარველობდნენ, რომლებიც მიდგნენ-მოდგნენ და იმდენი ქნეს, რომ ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე ჩვენს შორის დამატებითი, ოთხდღიანი პაექრობა დაინიშნა. როგოვამ მცირე ხნით ადრე პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში 30-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა, საკუთარი თავის ძალიან ეიმედებოდა და… 2569 ქულა მოვაგროვე და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე! სხვათა შორის, მესამე დღის შემდეგ თვითონ ოლგამ მთხოვა, შევწყვიტოთ ორთაბრძოლა, ჩემზე ძლიერი ხარ, ნაკრებში შენ უნდა იყოო. მერე მომიბოდიშა კიდეც, მე სულ არ მინდოდა ეს დამატებითი შეჯიბრება, მაიძულეს გამოვსულიყავიო…
ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი 1980 წლის 3 აგვისტოს მოვიგე. ეს დღე არასდროს დამავიწყდება! თავიდანვე ზუსტად ვისროდი და ამის წყალობით გავიმარჯვე, ეს ჩემი სპორტული ცხოვრების ყველაზე დიდი ტრიუმფია! სხვათა შორის, მე პირველი საბჭოთა მშვილდოსანი ქალი ვარ, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო. ეგ კი არა, საერთოდ, პირველი ევროპელი ქალი ვარ, ვინც ამ დისციპლინაში გაიმარჯვა.
ყველა ნატალია ბუტუზოვას უწინასწარმეტყველებდა ჩემპიონობას, მაგრამ როგოვასთან იმ დამატებითმა დაპირისპირებამ ჩემზე დოპინგივით იმოქმედა – ძალიან კონცენტრირებული ვიყავი და ისარს ისარში ვარჭობდი! მე და ბუტუზოვა აბსოლუტურად ერთნაირ პირობებში გამოვდიოდით – ერთ ცვლაში მოვხვდით და ერთადვე ვისროდით. შეჯიბრების ბოლო, მეოთხე დღეს ამინდი გაფუჭდა, თუმცა ბოლო სერიაში 29 ქულა დავაგროვე და ჩემპიონიც გავხდი! თან, 30-მეტრიან სასროლეთზე ოლიმპიური რეკორდი დავამყარე!
უკანასკნელი გასროლის შემდეგ ჟურნალისტების, ფოტოკორესპონდენტების და კინოოპერატორების ალყაში აღმოვჩნდი. გამარჯვება პირველებმა საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ დავით პერტენავამ და მისმა მოადგილემ, ტყვიის სროლაში მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა და ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა შოთა ქველიაშვილმა მომილოცეს.
ის ბინა ვაკეში, საკავშირო სპარტაკიადის წინ რომ შემპირდნენ, ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ გადმომცეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ორ ოთახს ერთიც წაუმატეს და… მოკლედ, სამოთახიანი ბინით დამასაჩუქრეს!
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები ხშირად ცდილობდნენ ჩვენს შორის შუღლის ჩაგდებას, სპორტსმენები მაინც მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებდით. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდით ასე ყოფილიყო. თუ თავს კომფორტულად ვერ გრძნობ და შეჯიბრების წინ კონცენტრირებული არ ხარ, ათას რამეზე ფიქრობ, ვერასდროს გახდები ჩემპიონი.
ერთხელ მე და ემა გაპჩენკო საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირიდან ვბრუნდებოდით. თვითმფრინავში გვერდიგვერდ მოვხვდით და ათას თემაზე ვისაუბრეთ. ერთი დამამახსოვრდა: ემამ მითხრა, დედაჩემი გემრიელ კერძებს ამზადებს, ვიცი რომ მელოდება, მივალ, ვისადილებ და მერე კარგად გამოვიძინებო. მის სიტყვებზე ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ნაადრევად გარდაცვლილი დედაჩემი და თვალები ცრემლით ამევსო. ემას ეს არ შეუმჩნევია. მოსკოვში რომ ჩავედით, დედამისი აეროპორტში შეეგება და შინ წაიყვანა, მე კი მშვილდოსნობის საკავშირო ფედერაციის წარმომადგენელი დამხვდა, რომელმაც საერთო საცხოვრებელში მიმაცილა.
ცრურწმენა? სტადიონზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდიოდი. დღემდე, ყოველ დილით, ვცდილობ მარჯვენა ფეხზე ავდგე. რაც შეეხება თილისმას, 70-იანების დასაწყისში ერთმა რუსმა მშვილდოსანმა ფოცხვერის კლანჭი მაჩუქა, რომელსაც ყველა შეჯიბრებაზე დავატარებდი.
ნებისმიერი სპორტსმენი ოცნებობს ოლიმპიურ ჩემპიონობაზე. ცხადია, არც მე ვარ გამონაკლისი – ეს ხომ უდიდესი ტიტულია! მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც დედობა გახლავთ. ჩემი თინიკოს დაბადებით გამოწვეულ სიხარულზე უფრო დიდი განცდა მე არ მქონია. თანაც როდის – გათხოვებიდან მეცხრე წელიწადს!”