საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოთქვა სკეპტიციზმი ისრაელის გაცხადებულ გეგმასთან დაკავშირებით, გააგრძელოს ბრძოლა მანამ, სანამ ჰამასი მთლიანად არ განადგურდება.
მაკრონმა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ კლიმატის სამიტზე, ისრაელის მთავრობას მოუწოდა, მისი გადმოსახედიდან უფრო რეალისტურ მიზნებზე იფიქროს.
,,რა არის ჰამასის სრული განადგურება და ვინმეს ჰგონია, ასეთი რამ, შესაძლებელია? თუ ეს ასეა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება. ვფიქრობ, ჩვენ ვართ ისეთ წერტილში, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისი მიზანი და სასურველი საბოლოო მდგომარეობა,” – თქვა საფრანგეთის ლიდერმა.
ჰამასსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების ერთკვირიანი პაუზის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებების შეფერხების შემდეგ, მხარეებმა განაახლეს ბრძოლა. ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთი დღით ადრე გაიმეორა, თუ რა მიზნებს მისდევს ისრაელი: ყველა მძევლის გათავისუფლება, ჰამასის ლიკვიდაცია და ღაზას სექტორიდან ისრაელის მაცხოვრებლებისთვის ახალი საფრთხეების თავიდან აცილება.
ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში, რომლის თანახმადაც 80 ისრაელელი მძევალი უნდა გაეთავისუფლებინათ 240 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.
საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ მაკრონმა თქვა, რომ აუცილებელია „მცდელობების გააქტიურება ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“.
როგორც BBC წერს, მაკრონი თავდაპირველად გეგმავდა ვრცელი სამშვიდობო ტურის ჩატარებას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ სამაგიეროდ გაერო-ს კლიმატის მოლაპარაკებების ფარგლებში გამართა შეხვედრები კონფლიქტის შესახებ. მისი ხუთსაათიანი ვიზიტი დოჰაში მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის მომლაპარაკებლები წავიდნენ და ისრაელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ანალიტიკოსების თქმით, მაკრონის ვიზიტები დუბაიში და დოჰაში ასახავს იმ სირთულეებს, რომლებსაც მისი მთავრობა აწყდება კონფლიქტზე გავლენის მოხდენის გზის პოვნაში.
”საფრანგეთი და მაკრონი უბრალოდ ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს ამ კრიზისში”, – განუცხადა ბრიტანულ გაზეთ Guardian-ს ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა აგნეს ლევალუამ.
ავტორი