ოზურგეთის ყოფილი მერი, ბეგლარ სიორიძე მოქმედ მერს კონსტანტინე შარაშენიძეს უპირისპირდება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის.
სიორიძის თქმით, შერაშენიძესთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებდა, თუმცა მერმა სხვა გზა არ დაუტოვა. როგორც პოსტიდან ირკვევა, საქმე ეხება კონსტანტინე შარაშენიძის მიერ ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბეგლარ სიორიძემ ბაზარი საკუთარ სიძეს გადასცა:
“არ ვაპირებდი კოტე შარაშენიძესთან არანაირ პოლემიკაში შესვლას, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ მან სხვა გზა აღარ დამიტოვა. ეტყობა ნაადრევად გული საგულეს დადო და საარჩევნო კამპანიის დროინდელი „გრეხები“ მისი მოკლე ჭკუით საკუთარი მეხსიერებიდან უკვე ამოშალა.
წარსულს ჩაბარდა, სულ რაღაც ოთხი თვის წინანდელი ისტორია, როცა ათასგვარი ყოვლად უხამსი მეთოდებითა და ცრუ დაპირებებით, მოახერხეთ ოზურგეთელების მოტყუება.სულ მოკლე პერიოდში თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე სინანულით აღნიშნავენ ისინი, რომ შეცდნენ და ვერ მოახერხეს ნამდვილი კოტე შარაშენიძის ამოცნობა. თუმცა ისეთი „კიო“-ც ვერა ხარ, რომ კიდევ ოთხი წელი შეძლო ამ ადამიანების „დაბოლება“.ვიცი ადვილი არაა შენთვის ამის გაგება, ამიტომ შევეცდები დაგიმარცვლო და პუნქტობრივად გადმოგცე ეს ყველაფერი:
1. ნუთუ ის მაინც არ იცი, რომ სიძეს ეძახიან შვილის, შვილისშვილის,დისშვილის, ძმისშვილის, ბიძაშვილის, მამიდაშვილის, დეიდაშვილის ან თუნდაც ახლო ნათესავი ქალბატონის მეუღლე მამაკაცს.
ეს კი არც ერთი ზურაბ გობრონიძესთან მე არ მაკავშირებს(თუ კიდევ დაგრჩა შენი ყოფილი და უკვე „გადაგდებული“ მხარდამჭერები, ისინი დაგეხმარებიან ამის დადგენაში).ნამდვილად არ გამკვირვებია(შენი საარჩევნო კამპანიის დროს ნაკადრებებიდან გამომდინარე)თუ როგორ წარბშეუხრელად განაცხადე სხვადასხვა ტელეარხების წინაშე, თურმე როგორ გადავუფორმე ბაზარი სიძეს.
2.რადგან სიძის ამბავი გავარკვიეთ, ახლა კი გეტყვი, რომ სწორედ შენი გამგებლობის(2012-2014) პერიოდში აღმოჩენილი დარღვევების გამო გასცა სახელმწიფო აუდიტმა რეკომენდაცია, რომ ბაზარი გაგვეცა მრავალწლიანი იჯარით და ის წამგებიანი აღარ ყოფილიყო.
მართალი გითხრათ, აუდიტის რეკომენდაცია სულაც არ მჭირდებოდა ამისთვის,ამას ჩემი მტერი(არათუ მერი) ვერ მიხვდა, მაგრამ სამწუხაროდ ბეგი სიორიძემდე ვერავინ დაინახა ამის აუცილებლობა. ერთად აღებული ყველა გადასახადიდან ბიუჯეტში 60 000 ლარამდე შემოდის მაშინ, როდესაც ოზურგეთის ბაზარი თავისი არსებობის მანძილზე სულ წაგებაზე იყო.
3.რახან იმედია გაერკვიე, სიძის ნაცვლად, შენი ნებართვით, ბიზნესმენ ზურაბ გობრონიძეს მოვიხსენიებ. ძალიან გაუნათლებელი უნდა იყო, ან ისევ უნდა აგრძელებდე ადამიანების თვალებში ნაცრის შეყრას, როცა აცხადებ რომ ბაზარი ზურაბ გობრონიძეს გადავუფორმე თურმე.
აბა კარგად ნახე, როგორ იყო (არა მგონია შენი უკვე მოსწრებული საქმიანობებიდან გამომდინარე მომავალში გამოგადგეს, მაგრამ მაინც): აუდიტორის მიერ ოზურგეთის ბაზარი შეფასდა 450 000 ლარად (არ გაგიკვირდეთ, არ შემშლია),იჯარით მისი გაცემის შემთხვევაში არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე იჯარის ფასი შეადგენს ღირებულების 6 % -ს. ჩატარდა საჯარო აუქციონი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება და გაიმარჯვა შპს “სოფლის ნობათმა“.
ამის შემდგომ, პირველად, თავისი არსებობის მანძილზე ბაზარი გახდა სახელმწიფოსთვის მომგებიანი. აი, ასე „გადავუფორმე“ ბაზარი ზურაბ გობრონიძეს, ჩემს „სიძეს“.ახლა კი გეკითხები: სად მიდიოდა ეს თანხა შენი გამგებლობის პერიოდში?!
4.სულაც არ ვაპირებ გობრონიძის ადვოკატობას,მაგრამ მისი განცხადების პასუხად, სადაც ამბობს რომ მას ბაზრის წართმევით დაემუქრეთ, ამას აბსურდს უწოდებთ, ხოლო თქვენს გაკეთებულგანცხადებებში გარკვევით ადასტურებთ, რომ ბაზარი ხალხს(?) უნდა დაუბრუნდესო ანუ გადაგიწყვეტიათ უკვე მისი წართმევა.
თქვენი პირველი მოადგილე (რომელიც არაადეკვატური მერის ჭკუის დამრიგებლად მოიყვანეს) კი საერთოდ კომიკურ განცხადებას აკეთებს,თურმე ქვეყანაში ლარის კურსი იცვლება და ამიტომ საჭიროა ხელშეკრულების გადახედვა. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორსაც კი აკრძალული აქვს დოლარის კურსის მიხედვით ხელშეკრულების დადება და მხოლოდ ლარზე ხდება ყველანაირი ოპერაციის წარმოება.
ასევე საინტერესოა, ხელშეკრულების რომელი პუნქტის საფუძველზე, რა ქვემოიჯარეების ცნობადობას ითხოვს მერის მოადგილე და საერთოდ რა ესაქმება მათთან ან საით მიილტვიან. ეტყობა ვერ გაერკვნენ არსებული ხელშეკრულების პირობებში, რომელსაც კოტე და პუტკი კი არა ,ვერავინ შეცვლის მისი ვადის არსებობის პერიოდში. სწორედ ეს გახლავთ ზეწოლა ბიზნესზე. აბა სხვა რა გგონიათ და ის რაც თქვენ გგონიათ, ვინმე ჭკვიანი იპოვეთ(თუკი არის ასეთი თქვენს ირგვლივ)და იმას კითხეთ გამოგივათ თუ არა.
5. ამასობაში კი კომპანიის პარტნიორები, რომლებმაც ყველანაირი წესის დაცვით არც თუ მცირე თანხის საფასურად მოიგეს აუქციონი და პირნათლად იხდიან ყველანაირ გადასახადს, ამავე დროს როგორც ამბობენ დღემდე მოგების გარეშე წარმართავენ მის ბიზნესს ხვალინდელი გეგმების იმედით, ჩემგან ითხოვენ(რადგან ჩემს პერიოდში შეიძინეს) გარანტიებს, რომ მათ ბიზნესს საფრთხე არ დაემუქრება. მე რა თქმა უნდა მათ ასეთ გარანტიას ვაძლევ და დარწმუნებული ვარ ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა
ვინმეს ბიზნესს ,,ახევდნენ“, მაგრამ მეორე კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, როგორ აღარ უხდის რამოდენიმე ბაზრის მოვაჭრე ადმინისტრაციას გადასახადს და პასუხი ასეთი აქვთ „კოტესთან დავალაგეთ“.
ხოლო დიდი ნაწილი ქუჩაში გავიდა(უკვე ოზურგეთის გარდა ეს თითქმის არსად ხდება) და იქ ვაჭრობს, გადასახადსაც რა თქმა უნდა აღარ იხდის. ამ დროს მერი და ვიცე მერი სირაქლემას პოზიციაში მოკალათებულნი, ფიქრობენ, რომ სხვა მათ მიერ ბიზნესზე ზეწოლას ვერც ამჩნევს.
6. და ბოლოს, ნუ ახსენებ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, რომელიც თითქოს გმფარველობს და შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, ფეხებსაც ვერავინ ვერ მოგჭამს. თუმცა, არ ხარ შენ მთლად „აბდალი“, ამით სპეციალურად დანაშაულში ითრევ ადამიანებს და ასევე წარბშეუხრელად ცდილობ მათ მოტყუებას.
ასეა კოტე, თითქმის ყველა ტელეარხზე ცილი დამწამე აბსოლუტურად მართალ ადამიანს და კიდევ ერთხელ შეეცადე (ეტყობა ისევ ბეგი სიორიძე გელანდება) შეცდომაში შეგეყვანა საზოგადოება. და მე რა ვქნა ამ დროს, მოგიშვირო მეორე ლოყა? ბოლოს ერთი ძაან მაგარი ანეგდოტით დავასრულებ: „გურული ბებო-მე დევიწყე ნენა?” _ წერს სიორიძე.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე კონტანტინე შარაშენიძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ოზურგეთის მერმა “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს ამჯერადაც არ უპასუხა.
ამავე თემაზე იხილეთ: რატომ არ ჩაიბარა ბიზნესმენის წერილი მერიის კანცელარიამ _ “მერმა ბაზრის წართმევა დამიანონსა”