მ.პ.გ. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის, მიმართვა ოზურგეთის მოსახლეობას:
ჩემო ოზურგეთელებო! მთელი გულწრფელობითა და გაასმაგებული პასუხისმგებლობით მოგმართავთ, უკვე მეორედ, ამჯერად გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი.
უპირველეს ყოვლისა, თითოეულ თქვენგანს ცალკე და ყველას ერთად უდიდეს მადლობას მოგახსენებთ იმ ნდობისთვის, რომელიც 2014 წელს გამომიცხადეთ და რითაც საშუალება მომეცით ჩემი მცირე წვლილი შემეტანა იმ ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც ასეთი ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის.
ვიცი, ოზურგეთი და ოზურგეთელები გაცილებით მეტს იმსახურებენ, ვიდრე მოხერხდა ამ სამ წელში თქვენთვის გაკეთებულიყო, მაგრამ მე, თქვენი დახმარებით და ხელისუფლების ხელშეწყობით, მცდელობა არ დამიკლია ჩემი წილი აგური დამედო ამ დიდ, საერთო საქმეში.
დიახ, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა, რადგან მთავარი სტიმული და მამოძრავებელი ძალა ჩემთვის ნდობის ის მანდატი იყო, რომელიც თქვენ მომანიჭეთ.
კიდევ ერთხელ მაქვს თქვენი კეთილი ნების და მხარდაჭერის იმედი, ამჯერად უკვე მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
მომავალში ბევრად მეტი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომლებიც უშუალოდ აისახება თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე.
ბოლო სამი წლის მანძილზე, ჩემს თანაგუნდელებთან და ოზურგეთელებთან ერთად, ახალი ოზურგეთის შენება დავიწყეთ და მინდა ეს პროცესი ყველამ ერთად, ბოლომდე მივიყვანოთ. თუ თქვენ თანახმა იქნებით და გადაწყვეტთ კიდევ ერთხელ გამომიცხადოთ ყველაზე ფასეული რამ ადამიანისთვის – ნდობა.
ამ წლების განმავლობაში ერთმანეთი კარგად გავიცანით, დავმეგობრდით და იცით, რომ არ მჩვევია ტყუილი დაპირება და არასოდეს ვიკადრებ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.
მხოლოდ ერთს გეტყვით: ნუ მიუდგებით სერიოზულად იმ ადამიანების ავანტიურას, რომლებმაც ცრუ ბრალდებებით დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. ღირსეულ ადამიანს არასდროს შეჰფერის ცილისწამება და ტალახის სროლა. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო მათთან!
პირიქით, მოგიწოდებთ ჩავატაროთ წინასაარჩევნო კამპანია ისე, როგორც ეს ღირსეულ ადამიანებს შეჰფერით და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, რათა თქვენივე ჩართულობით გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მუნიციპალიტეტზე, რომ ჩვენს შვილებთან ერთად ვიცხოვროთ განახლებულ, გალამაზებულ, გაძლიერებულ და კეთილმოწყობილ ოზურგეთში.