Developed By Web Features 2024 © All rights reserved
საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი 14 აპრილს გაიმართება, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის ცნობით, საფეხბურთო მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18:00 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ფედერაციაში აცხადებენ, სლოგანით – „თამაში ყველასთვის“ – Equal Game, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.
„ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
თბილისის მერი კახა კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით დღეს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და მატჩის ორგანიზებასთან დაკავშირებით თხოვნით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მიმართა.
8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved