ბერა ივანიშვილის პირველ არხს ტექნიკას საჩუქრად გადასცემს.
ამის შესახებ ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ამავე განცხადების თანახმად ბერა ივანიშვილმა არ იცოდა, რომ მისი კომპანია ტენდერში იღებდა მონაწილეობას:
“ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება.
საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა.
ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე.
მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა.
და ბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს”_აღნიშნულია განცხადებაში.