საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს და დამოუკიდებელ კანდიდატს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.
რატომ სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის სიმპათიით სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ გააჩნია? _ საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ისაუბრა.
_ როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ,,ქართულ ოცნებას“, რადგან გაუგებარია, აქამდე რატომ არ ჩამოაყალიბეს საკუთარი აზრი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა გეგმა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირა მხარი, მაგრამ პარტიაში ბევრი დეპუტატი ეწინააღმდეგება მის გადაწყვეტილებას.
ერთი მხრივ, პარტიაში ბევრი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ,,ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, მეორეს მხრივ, კი ხედავენ, რომ ზურაბიშვილი არის საკმაოდ სუსტი კანდიდატი და ენთუზიაზმი ნამდვილად არ აქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი.
ჩემი აზრით, ზურაბიშვილი საკმაოდ სუსტი კანდიდატია და მაინცდამაინც, პოპულარული ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ,,ქართული ოცენება“ აქტიურად აამოქმედებს საკუთარ რესურსს, რა თქმა უნდა, ის ფავორიტი იქნება ამ საპრეზიდენტო შეჯიბრში.
,,ქართულ ოცნებაში“ არ ჩანს ვინმე სხვა, გარდა ივანიშვილისა, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პოზიციურად უყურებდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის წონა ისეთია, რომ მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.
ბიძინა ივანიშვილმა რატომ გადაწყვიტა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი, მხოლოდ მან იცის. ალბათ, მას უნდოდა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ამ სიმბოლური პოზიციისთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელმაც უცხო ენები იცის და საერთაშორისო შეხვედრებზე თავს არ შეირცხვენს, საკმარისია.
მეორეს მხრივ, შეიძლება, ივანიშვილი უკმაყოფილოა საკუთარი პარტიით და გუნდით და ასე გამოხატა უკმაყოფილება, საკუთარი გუნდიდან არ შეარჩია საპრეზიდენტო კანდიდატი და ჭკუა ასწავლა საკუთარ გუნდს.
_ ბატონო გია, საქართველოს საპრეზიდენტო ინსტიტუტის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება. 2017 წლის მონაცემებით, მხოლოდ ხელფასებსა და მომსახურებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 მილიონამდე ლარი დახარჯა. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ისეთი პრეზიდენტის შენახვას, რომელსაც მცირე ფუნქციები გააჩნია?
_ პრაქტიკულად არ არსებობს საპარლამენტო ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი არ იყოს. პრეზიდენტს არ აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ მას აქვს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური როლი.
საქართველოს თავისებურება არის არა იმაში, რომ ჩვენ პრეზიდენტი გვყავს, არამედ იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილით არის უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ავიწროვებენ პრეზიდენტს და მასთან ერთად, საპრეზიდენტო ინსტიტუტს. თუ გავიზიარებთ განწყობას ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ არ არის საჭირო, გვყავდეს პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 2018 წელს ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით საბოლოოდ აირჩევს.