პარლამენტის თავმჯდომარე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
“პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს მაქსიმალური დესტრუქციით და ისტერიული აქტივობებით, მოხვდნენ ყურადღების ცენტრში და როგორმე თავისი თავი მიჰყიდონ საზოგადოებას, რომ მათ ვინმე პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება.
მოვუწოდებ, ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, რომ როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში და საქართველოს რეგიონებში “დაბოქლომების” აქციები ტარდება, ოპოზიცია და აქტივისტები მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს და სახელისუფლებო შენობებს ბოქლომებს ადებენ, რაც იმის სიმბოლოა, რომ ხელისუფლება რომელიც ხალხის ნებას არ ასრულებს, გაუქმებული და დალუქულია.