ლანჩხუთში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გატარებული რეორგანიზაციის ბოლო აკორდი მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსის დანიშვნა იქნება, რომელიც მერიის ინიციატივითა და საკრებულოს თანხმობით, წლის დასაწყისში გამოეყო სოციალურ სამსახურს.
ზემონახსენები ახლადშექმნილი სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრება რამდენიმე დღის წინ ჩატარდა და ახლა, ყველა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. კონკურსში მონაწილე რამდენიმე კანდიდატს შორის საკრებულოს ყოფილი წევრები რომან ბიწაძე და ია ჩხაიძეც არიან. ეს უკანასკნელი წინა მოწვევის საკრებულოში მმართველ გუნდს წარმოადგენდა და სოციალური კომისიის თავმჯდომარის პოსტიც ეკავა. თუმცა, ბოლო არჩევნების შემდეგ ოფსაიდში დარჩა. საზოგადოების გარკვეულ წრეებში მუსირებს კიდეც აზრი, წინასწარ გადაწყვეტილია, რომ სამსახურის უფროსობას სწორედ მას ჩააბარებენ და კონკურსი უბრალო ფორმალობაა.
რაც შეხება ბიწაძეს, იგი წინა მოწვევის საკრებულოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და „რესპუბლიკელების“ კვოტით შესული, იურიდიულ კომისიასაც ხელმძღვანელობდა. კულუარებში ბევრს საუბრობდნენ მის ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუმცა, რეალურად მას არაფერი შესთავაზეს.
ამავე სამსახურის უფროსობაზე პრეტენზია აქვს და კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა ნათია ურუშაძემ, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა მუნიციპალიტეტში. მან კარიერა პედაგოგობით დაიწყო, პარალელურად ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. 2004 წელს ხელისუფლებაში გადაინაცვლა და მაშინდელი გამგეობის აპარატის უფროსად დაინიშნა, შემდეგ გამგებლის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. ბოლოს, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა, თუმცა, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას პოსტის დატოვება მოუხდა.
აღსანიშნავია, რომ ურუშაძემ 2015 წელს საჯარო მოხელისთვის გამოცხადებულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და შესაძლო 60 ქულიდან 58 ქულა დააგროვა. მეტიც, იმ საჯარო მოხელეებიდან, ვინც კონკურსი თავის დროზე წარმატებით გაიარეს და დასაქმდნენ, ბევრი სწორედ ნათია ურუშაძესთან ემზადებოდა.
ბუნებრივია, ასეთი გამოცდილების მქონე კადრმა არც ამჯერად შეირცხვინა თავი და როგორც ამბობენ, კომისიის წევრების მოწონებაც დაიმსახურა.
ერთ-ერთ აქტიურ პრეტენდენტად, ვინც კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სოფიო ჩხაიძეც მოიაზრება. ჩხაიძე ლანჩხუთში საჯარო სამსახურში 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოჩნდა და ანალოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სანამ ის სოციალურ სამსახურს შეერწყმებოდა. შემდეგ იგი გამგებლის თანაშემწედ გადავიდა, თუმცა, პოსტი მოგვიანებით საკუთარი სურვილით დატოვა, მას შემდეგ, რაც გამგებელ ზაზა ურუშაძესთან გარკვეული უთანხმოება მოუვიდა.
სოფიო ჩხაიძე ბოლო თვითმართველობის არჩევნებზე ალექსანდრე სარიშვილის საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი იყო. საპარლამენტო არჩევნებისას, ასევე, გვერდში ედგა დეპუტატობის კანდიდატს ნინო წილოსანსაც.