უნებრივი აირის ფასზე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 24 ივლისამდე იმსჯელებს.
ტარიფის გადაანგარიშების მოთხოვნით მარეგულირებელს ყაზტრანსგაზმა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიმართეს, ანალოგიური განაცხადი რამდენიმე კვირის წინ სოკარმაც წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიები ტარიფის გადახედვას ლარის კურსის დაცემის გამო ითხოვენ. ენერგეტიკის სამინისტროში კითხვაზე გაძვირდება თუ არა ბუნებრივი აირის ფასი, პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ დროისთვის უწყება არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, ზუსტად რა კომპონენტების გადახედვა იგეგმება.
მარიამ ვალიშვილის თქმით, სამინისტრო ფასის რეგულირების საკითხზე კომპეტენციის ფარგლებში, სემეკთან ერთად იმუშავებს.
„მაგას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მხოლოდ გუშინ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ჩვენ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა კომპონენტების გადახედვაზეა საუბარი.
ვფიქრობ, რომ ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, სემეკი ამაზე ინტენსიურად დაიწყებს მუშაობას და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩვენ ჩვენი მხრიდან რა კომპეტენციასაც წარმოადგენს, რეგულირება და რეგულირების თემა,
პარალელურად სემეკთან ერთად ვიმუშავებთ, რომ გარკვეულწილად ეს უნიფიცირებული გამჭვირვალე მიდგომის ჩამოყალიბება და მიდგომა მოხდეს,“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ საუბარია ძველი და ახალი აბონენტებისთვის გაზის ტარიფის გათანაბრებაზე.
როგორც ცნობილია, ტარიფს აწესებს გამანაწილებელი კომპანია და ამ შემთხვევაში ტარიფი შეადგენს 45 თეთრს, ხოლო აბონენტების მეორე ნაწილი მოქცეულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის რეგულაციაში და ამ შემთხვევაში, ტარიფი მერყეობს 55-დან 60 თეთრამდე.
„2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ არსებული ახალი აბონენტები რეგიონებში და 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ არსებული ახალი აბონენტები თბილისში არ არიან მოქცეული ამ სატარიფო რეჟიმში, იქ ფასი არის დერეგულირებული,
შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ამ რეგულაციის და რეჟიმის გაუქმება და შემოყვანა ჩვეულებრივ რეგულაციაში.
„საფასური დადგინდება ერთიანი იმ მოსახლეობისთვის, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან დღეს რეგულირებულ ნაწილში მოქცეული და ასევე იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც არიან დერეგულირებულ ნაწილში მოქცეულნი. სხვადასხვა ფასებია,
როგორც რეგულირებულ ნაწილში ასევე დერეგულირებულში, თუმცა ეს ფასები გათანაბრდება,“ – განმარტა სემეკის კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.
rustavi2.com