გლდანში საცხოვრებელი კორპუსი გაზის გაჟონვის გამო აფეთქებას გადაურჩა. ამ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს. მათი განმარტებით, კომპანიის ცხელ ხაზზე ერთ-ერთი მოქალაქისგან შევიდა შეტყობინება, რომ გლდანის მე-7 მიკრორაიონის მე-12 კორპუსში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.
ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში და სავენტილაციო არხში დააფიქსირა.
„შემოწმებისას დადგინდა, რომ მრიცხველიდან გამომავალი გაზის ონკანი იყო გახსნილი და ბინაში გაზი გროვდებოდა. აღმოჩნდა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. ასევე მეზობლების თქმით, გაზის სუნი მათ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა დღეს დილამდე არავის დაურეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე. დაკეტილ ბინაში და შემდეგ უკვე კორპუსში, მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა გაზის სუნი“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.
კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. „გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. დღევანდელი შემთხვევა საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ აღნიშნულ მისამართზე მეზობლების თქმით, გაზის სუნი გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა კომპანიას მხოლოდ დღეს შეატყობინეს. „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ გთხოვთ, გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.