დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის და სილაურის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს აქვე, მდინარე სუფსის კალაპოტში არსებულ კარიერზე მომუშავე კომპანიის წინააღმდეგ.
ლიცენზიის მქონე შპს „ქიუ ემ სი“, რომელიც აქ ქვიშა-ღორღს მოიპოვებს, მინიჭებული უფლების თანახმად, 5 წლიანი ლიცენზიით 720 ათას კუბ. მ. ინერტული მასალა უნდა მოიპოვოს წლიურად. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ რაოდენობის ღორღის მოპოვება აქ წარმოუდგენელია, მით უფრო, ქაღალდზე დაწერილის მიხედვით, კომპანია აქ ხუთი წლის განმავლობაში კი არა, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაშიც არ დარჩეს.
დღეისთვის სუფსის კალაპოტი მძლავრი ტექნიკის მეშვეობით გაყოფილია შუაზე და გადაგდებულ ნაკადებს შორის, მდინარიდან ამოზიდული ღორღით ხიდები და გზებია გაკეთებული. ძალიან ღრმად, თუმცა არავინ იცის ზუსტად, რა სიღრმეზეა მდინარე ჩაღრმავებული და ღორღით, რომელიც ადგილობრივთა თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ამოაქვთ მდინარის ფსკერიდან, უზარმაზარ გორებად ჩამწკრივებულია მდინარის დასახიჩრებულ კალაპოტში, რათა დაიწრიტოს და წაღება უფრო გაადვილდეს. ადგილობრივებმა კატეგორიულად მოითხოვეს, სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, დარღვეულია თუ არა წიაღისეულის მოპოვების წესი და კომპანიის წარმომადგენლები დაისაჯონ. მხარდამჭერი რამდენიმე ადამიანი, ასევე კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ აქ სახელმწიფო მუშაობს და პროტესტის გამოსახატავად მოსულ ადგილობრივებს იქეთ ამუნათებენ, თქვენ თავად იბრძვით სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღმშენებლობა არ გსურთო.
ორი სოფლის აქციაზე აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირება. რამდენიმე პირი, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი, მანანა ლომაძე, ამტკიცებდა, რომ კომპანია ზუსტად ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს კარიერი, ყველაფერი წესრიგშიაო.
_მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, ამ საქმეს აკეთებს სახელმწიფო და თქვენ მოდიხართ აქ და ხალხს „აბუნტებთ“ _ მიმართა მან აქციაზე ხალხის მიწვევით მისულ ეკოდამცველს, ირმა გორდელაძეს, ჟურნალისტებსა და ოზურგეთის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან მგელაძეს.
ბაილეთის და სილაურის მცხოვრებლებმა, მაია სარიშვილმა, დარეჯან ბელქაძემ, ლადო სირაძემ, იური დარჩიამ, გია როყვამ და სხვებმა პრინციპული მიდგომა მოითხოვეს.
_ თუ ვინმე დოკუმენტურად და ვიზუალურად დაგვიმტკიცებს რომ, ეს რაც ახლა სუფსის კალაპოტში ხდება, კანონდარღვევა არ არის, ბოდიშს მოვიხდით, მაგრამ თუ საპირისპირო მოხდა, დაიმახსოვრეთ, რომ იძახი „ქართული ოცნების“ მომხრე ვარ და სახელმწიფო აკეთებს ამასო, აოხრებული გარემოსთვის პასუხს ვაგებინებთ ყველას, სათითაოდ აგებთ პასუხს, – უთხრა მაია სარიშვილმა მანანა ლომაძეს, ბეჟან და ომარ ჩხარტიშვილებს. ეს უკანასკნელნი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ სოფელში 14 ადამიანი დაასაქმა, კეთილ საქმეს ემსახურებიან და თუ კანონდარღვევაა სადმე, დაამტკიცეთ და პასუხი მოვთხოვოთო. თუმცა, მანანა ლომაძე თავგამოდებით იცავდა ლიცენზიანტ კომპანიას და არაერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და კარიერის მუშაობის მომხრეა.
იქვე, თანასოფლელებმა მანანა ლომაძის შესახებ თქვეს, რომ ის გარკვეული დროის მანძილზე სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა სუფსის კალაპოტის კარიერზე მომუშავეებს და უკვირდათ, რა მოხდა, რომ ასე რადიკალურად შეიცვალა მან აზროვნება.
ტარიელ ნაჭყებია, იური დარჩია, ბაილეთის მცხოვრებლები: გამოიყვანეს გარემოცვა, აშინებენ ხალხს, ჰყავთ ვიღაცეები სოფელში, ზოგიც მოისყიდეს და დაიწყეს დაპირისპირებაც. რაზეა საუბარი, როცა დაბზარულია სახლის კედლები, დასკდა ახალდაგებული გზა, იავარქმნილია სუფსის კალაპოტი და ათეულობით ჰექტარი საყანე ფართობი წყალმა შთანთქა, გაკეთდა უზარმაზარი ჭები მდინარის კალაპოტში და ეზოებში წყალი შრება. კანონი და ზედამხედველობა არ უნდა მოქმედებდეს, შემოსევაა? ჩვენ არ გვინდა შენება და მათ უნდათ? არ დავანგრევინებთ, მორჩა! ჯერ გვაჩვენონ, რომ არ ირღვევა კანონი და მერე ჩავიდნენ კარიერზე თუ არა იქ არ დავინახოთ ესენი!
მკითხველს შევახსენებთ, რომ ორი დღის წინ, როცა კარიერს ვეწვიეთ, იქ ათეულობით სატვირთო და ექსკავატორი მუშაობდა. დღეს დილით კი , ადილობრივთა თქმით, როცა კომპანიის მესვეურებმა გაიგეს, რომ მოსახლეობა აქციას მართავდა და ადგილზე მოვიდოდნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ტერიტორია იმ მოტივით დატოვეს, რომ ტრანსპორტს „ტეხასმოტრი“ სჭირდებოდა. მართლაც, დილით, ბაილეთში მიმავალ ჩვენს ჯგუფს, წინ შემოგვხვდა ამწე -ტრაქტორი, რომლითაც ექსკავატორი, გადაჰყავდათ. ხოლო ადგილზე, ყველაფერი დაცარიელებული დაგვხვდა. როგორ და რატომ გახდა ასე უცებ აუცილებელი ტექდათვალიერება, ამაზე პასუხის გამცემი არავინ იყო მდინარის ხეობაში _ მხოლოდ მარტო მოდუდუნე ( თუ მოტირალი) სუფსა მიედინებოდა დაჩეხილ და მისივე ფსკერიდან ამოზიდულ უზარმაზარ გორებს შორის…
_გაიქცნენ, ხომ? თურმე აქვთ შიში. როგორც კი გამოჩნდებიან, გზას გადავკეტავთ. წინააღმდეგი ვიქნებით მანამ, სანამ დოკუმენტაციას არ წარმოგვიდგენენ, რომ აქ კრიმინალურ ქმედებას არ აქვს ადგილი, სანამ ინსპექტირების ჯგუფი არ მოვა და გარემოს დაცვის სამინისტრო არ გამოიღვიძებს, იცოდნენ, რომ არ გავჩუმდებით და არ გავჩერდებით! _ თქვეს სუფსის კარიერზე აქციის შემდეგ მისულმა ბაილეთის და სილაურის მცხოვრებლებმა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კარიერის სანახავად წავიდნენ აქციის ის მონაწილეები, ვინც კალაპოტის აოხრებას ეწინააღმდეგება და სასწრაფოდ ითხოვენ ადგილზე ინსპექტირების ჯგუფის მისვლას. ხოლო ის პირები, ვინც ლიცენზიანტს მხარს უჭერდნენ აქციაზე და ამტკიცებდნენ, რომ კარიერი ზუსტად ისე მუშაობს, როგორც წესი და რიგია, აოხრებული სუფსის კალაპოტის სანახავად არ გამოჩენილან.