ქალაქ ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია).
შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ახლა ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ცესკომ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე; დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ; საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის #31 საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს”, _ აღნიშნულია განცხადებაში.