ჟურნალისტი ლალი ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ნასტია ციგანი მომკვდარა! ნასტია და თამარიკა ბიძაშვილები იყვნენ. პედროებს, დონალდოებს, ლილას, სააღდგომო კვერცხის საღებავებს და უცხოურ სიგარეტებს ჰყიდდნენ. ლილის გარდა მაშინ ყველაფერი აკრძალული და ბურჟუაზიული იყო. ამიტომ, ბოშებს დროდადრო პოლიცია გარეკავდა სკოლის ეზოდან. ზოგჯერ ძალიან გამოიდებდნენ თავს და ნასტია შორიდან გინებას ვეღარ ახერხებდა. გარბოდა, რომ ყვითელ, ლურჯზოლიან მოსკვიჩში არ შეეტანა პოლიციელს. ჩემი სახლი ზედ სკოლის გვერდით იდგა. დედამ და ბებიამ რამდენჯერმე დამალეს გოგოები.
აღდგომის წინა კვირას ნასტია და თამარიკა გვესტუმრა. კარი სულ ღია იყო და შემოვიდნენ. სააღდგომო კვერცხის საღებავები, ვანილი…რაღაცეები კიდევ მაგიდაზე დააწყვეს და წავიდნენ.
ლამაზი თამარიკა თბილისში გათხოვდა. ნასტია ბათუმში შემხვდა. რედაქციის თანამშრომლებთან ერთად სანაპიროზე ყავას ვსვამდი. “ბორია გადაი” –შორიდანვე ვიცანი ნასტიას ხმა. პატარაობიდანვე ბევრს ეწეოდა და ხმა მაშინაც გაბზარული ჰქონდა. დავუძახე. იმანაც ხმაზე მიცნო, ალბათ, რადგან მობრუნებული უკვე ყურებამდე იღიმოდა და თვალები ისე ჰქონდა დაკუსული, როგორც ჩვენი სკოლი ეზოში. ოღონდ ესაა, პასუხად “კალბასააააა” არ დაუბრუნებია. ჩავეხუტე. გავაცანი ჩემი თანამშრომლები. ნასტიამ ბორიას უბრძანა და საპატივცემულოდ ბედიწერის ფურცელი ყველასთვის უფასოდ ამოაღებინა.
ერთ დღეს რედაქციასთან შემხვდა. საბუთების მოგვარება მთხოვა პატარა გოგოსთვის, რომელიც თან ახლდა თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. გოგო ახალშობილი ეპოვნა ნაგვის ურნასთან და გაეზარდა. ეს ყველაზე მეტად მიყვარს,მეშინია, არ გამოჩნდეს ვინმე და არ წამართვანო. ციგანი იყო ნასტია. საბუთი მაშინ ახსენდებოდა, შიში რომ წამოუვლიდა.
ჩემი ნასტია მომკვდარა. ჩემი ბავშვობის ნაწილი და ჩემზე ასჯერ უკეთესი ადამიანი.“ – წერს ლალი ბერძენიშვილი.