38 წლის ხათუნა სიხარულიძე 4 შვილის დედაა. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
ორი გოგონა თბილისში ჰყავს _ წარმატებული სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ და ახლა თავს სტიპენდიით ირჩენენ.
ხათუნა სიხარულიძემ ერთი წლის წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა _ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, გაჭირვების გამო:
_ ძალიან ძნელია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. ურთულესი დღეები გამოვიარე და ახლაც იგივე მდგომარეობაში ვარ. გოგონები რომ გრანტით მოხვდნენ სასწავლებელში, სიხარულით ცას ვეწიე. ბავშვებმა ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე, საკუთარი შრომით შეძლეს ეს, თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით დავხმარებოდით _ საჭმლის ფულს ვერ ვუგზავნიდით. არც აქ გვქონდა რაიმე. ჩემი მეუღლე სადმე დღიურ მუშად თუ იმუშავებდა, იმით ვსაზრდოობდით. არადა, სტუდენტს ბევრი რამ უნდა. მხოლოდ გადასახადი ხომ არ არის _ ბინის ქირა სჭირდებოდათ, გზის, საჭმლის ფული. ამ ყველაფერს ვერ გაუძლო ჩემმა ქმარმა და თავი ამიტომ მოიკლა, _ ცრემლების გარეშე საკუთარი ისტორიის მოყოლა უჭირს ხათუნას, რომელიც ცდილობს გაჭირვებას არ შეუშინდეს:
_ მინდა, სულ ღიმილი მქონდეს სახეზე; მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ შეამჩნიონ ჩემი ტკივილი, მაგრამ ხანდახან არ გამომდის. რთულია დამალო ემოცია და განცდა მაშინ, როცა შვილისთვის პურის ყიდვა არ შეგიძლია. ახლაც მაგ მდგომარეობაში ვარ. ბავშვი სკოლიდან რომ დაბრუნდება, არ ვიცი, რა უნდა ვაჭამო, _ ამბობს ხათუნა, რომელიც წლებია, სოციალურ დახმარებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ:
_ 2011 წლის შემდეგ ვითხოვთ სოციალური დახმარების დანიშვნას, მაგრამ არ გვინიშნავენ. მიზეზსაც არ გვეუბნებიან, რატომ. ერთხელ დეკლარაციაში ჩაუწერიათ, რომ თითქოს სახლის წინ მდებარე მცირე ნაკვეთზე მეურნეობა მაქვს და 300 ლარის შემოსავალს ვიღებ. არ ვიცი, ეს საიდან მოიტანეს. ნეტავ კი მქონდეს და ხმას არ ამოვიღებ. არანაირი შემოსავალი ჩემს ოჯახს არ აქვს. 2011 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეცვლილა, პირიქით, ყოველდღიურად მემატება პრობლემები. ეს სახლიც, სადაცაა დაინგრევა. უკანა მხარე სულ ჩამოშლილი აქვს, ყოველ გაწვიმებაზე პირველი სართული იტბორება. წინა მხარეს, გარედან რომ შეხედავ, ნორმალურად გამოიყურება თითქოს, მაგრამ არც იატაკი ვარგა და არც ჭერი. ამ სახლის მეტი არაფერი გაგვაჩნია და მართლა ვერ გამიგია, რაა იმის მიზეზი, რომ დახმარებას არ მაძლევენ, _ უკვირს ხათუნას.
მისივე თქმით, გასულ წელს, დეკლარაციის შევსების დროს ბაზაში გამოჩნდა, რომ მის შვილებს სტიპენდია ერიცხებოდათ და დახმარების არდანიშვნის მიზეზად ეს დაუსახელეს:
_ მიმტკიცებდნენ, ხელფასი გაქვსო. არადა, ბავშვებს წარმატებული სწავლისთვის ჰქონდათ ეს სტიპენდია. შემდეგ მირჩიეს, გოგონები სახლიდან ამოწერე და იქნებ, დაგინიშნონო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მარტში შევავსე დეკლარაცია და ძალიან მაღალი ქულა მომივიდა, _ ამბობს ხათუნა სიხარულიძე.
მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც სახელმწიფოდან იღებს, ორი არასრულწლოვანი შვილის პენსია და ათლარიანი დანამატია:
_ ჩვენი თვიური შემოსავალი 220 ლარია. 100-100 ლარი აქვთ ბიჭებს მარჩენალდაკარგულის პენსია და 10-10 ლარიანი დანამატი ეძლევათ სახელმწიფოსგან. ესაა ჩვენი შემოსავალი, რომელიც წამლებშიც არ მყოფნის. ერთი ბიჭი იაშვილის კლინიკაში დამყავს სოფლის დეპუტატის ვლადიმერ სიხარულიძის დახმარებით _ თვალის პრობლემები აქვს და რომ არა ბატონი ვლადიმერი, ვერ წავიყვანდი. მეორეს დაბადებიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და სულ ექიმებთან არის სატარებელი. ხშირად, წამლებში არ მყოფნის ეს თანხა. მერია და მერის წარმომადგენელი ერთხელ კი დამეხმარა წამლის თანხით. რაც შეეძლოთ, გამიკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის. 100 ლარი გადამირიცხეს წამლისთვის. 200 ლარი მქონდა აფთიაქში ვალი და ის თანხა გამომიქვითეს. ახლა წამალიც ვერ ვუყიდე, _ წუხს ხათუნა, რომელიც მაღაზიაში დაგროვილ ვალებზეც დარდობს:
_ მაღაზიაში ვალი ვერ გადავიხადე. რომ გადამეხადა, წინა თვეში წამალს ვერ ვიყიდდი. გამყიდველის მრცხვენია, ვერ მივდივარ, ვერც რაიმე მომაქვს. კარაქზე, ხორცზე, კანფეტზე და ასეთ ფუფუნებაზე არაფერს ვამბობ. უბრალოდ, იმის საშუალებაც არ მაქვს, მაკარონი ვიყიდო.
მეც ავად ვარ. დიდი ხანია თავის ტკივილები დამეწყო და წამონაზარდიც გამიჩნდა. ექიმთან ვერ მივდივარ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კი ვსარგებლობ, მაგრამ სრულად არ იფარება საჭირო თანხა, მე კი დამატების საშუალება არ მაქვს და ვართ ასე. არ ვიცი ასე სანამდე შეიძლება გაგრძელება. მეტი აღარ შემიძლია. არ მინდა ჩემი შვილები სულ უპატრონოდ დავტოვო, მაგრამ ამას მაიძულებენ, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ხათუნა სიხარულიძე.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, ყველაზე მეტად გულს ის ტკენს, რომ სახელმწიფო მის ირგვლივ მცხოვრებ ისეთ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც არ უჭირთ:
_ არ მინდა კონკრეტული გვარები დავასახელო, მაგრამ ჩემსოფელში, ჩემ ირგვლივ ისეთ ადამიანებს აქვთ დახმარება, ორ-ორ სამსახურში რომ მუშაობენ, მანქანები რომ ჰყავთ და არაფერი უჭირთ. მე რომ უპატრონო ვარ, იმიტომ არ მაძლევენ დახმარებას? სულ არ მინდა მაგათი ფული _ სამსახური მომცენ და ჩემი შრომით შევძლებ ჩემი შვილების გამოკვებას, _ აღნიშნავს ხათუნა სიხარულიძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში სიხარულიძეების ოჯახისთვის დახმარების არდანიშვნის მიზეზები გვითხრეს, რომელიც იმ რეალობიდან, რაც “გურია ნიუსმა” ადგილზე ნახა, მკვეთრად განსხვავდება:
“ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 2008 წლიდან, თუმცა, დღემდე მხოლოდ 2 წლის მანძილზე იღებდა შემწეობას ბავშვებზე, რადგან მრავალჯერადი გადამოწმებების მიუხედავად, მუდმივად მაღალი ქულა უფიქსირდებოდა. ბოლოს ოჯახი გადამოწმდა 2018 წლის მარტში. დეკლარაციაში ფიქსირდება 3 ჯანმრთელი წევრი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. ოჯახს ჰყავს გარეთ მცხოვრები 2 სრულწლოვანი შვილი, ფლობენ საკუთარ 2-სართულიან სახლს, დამხმარე ნაგებობებს, იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას ბავშვებზე 100-100 ლარის ოდენობით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გაყიდვიდან აქვთ შემოსავალი, გააჩნიათ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი და უფიქსირდებათ მაღალი კომუნალური გადასახადები.
სააგენტომ ოჯახის სამივე წევრი _ დედა და ოჯახს გარეთ მცხოვრები სრულწლოვანი შვილები დაარეგისტრირა დასაქმების პორტალზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება დამსაქმებელთან. ვფლობთ ინფორმაციას, რომ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ბავშვების დედა, თანახმაა, დასაქმდეს შეთავაზებულ პოზიციაზე. ასევე, შვილები ჩაერთვებიან სტაჟირების პროგრამაში, რომელსაც სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ახორციელებს.
იმ შემთხვევაში, თუკი გახორციელდება მომართვა “კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების” პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, დამატებით: ინვენტარით, საკვებით და სხვა აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველვყოფთ ოჯახს”, _ მოგვწერა სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელმა მაგდა კოტრიკაძემ.
“გურია ნიუსმა” სიხარულიძეების მძიმე მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩააყენა. მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ოჯახს საცხოვრებელი პირობების გაუარესების გამო, მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს:
_ აუცილებლად მოვიკვლევთ ოჯახის მდგომარეობას და აუცილებლად გავუწევთ იმ დახმარებას, რის საშუალებასაც ბიუჯეტი მოგვცემს. უყურადღებოდ ნამდვილად არ დავტოვებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლის კუჭავამ.