ხაშურში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე ლანჩხუთელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქრო და სამი ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს. აღნიშნული ტურნირი წარსულში ცნობილი მოჭიდავის და მწვრთნელის ნიკოლოზ ხვედელიძის ხსოვნას ეძღვნებოდა და იგი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის კალენდარშია შეტანილი.
შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა და ქალაქების 200-ზე მეტი მოჭიდავე იყო ჩართული, მათ შორის, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ჭაბუკ მოჭიდავეთა ორი გუნდი (2002-2003-2004 და 2005-2006-2007წ.წ.დაბ.), მწვრთნელების _ დავით მჟავიასა და გოჩა ლომაძის ხელმძღვანელობით.
ჩვენებურთაგან ტურნირის ჩემპიონი გახდა თამაზ ღლონტი (32კგ.), რომელმაც ოთხი შეხვედრა მოიგო და რითაც, ფაქტობრივად, გაინაღდა ევროპის პირველობის საგზური. ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო ლუკა ჭყონიამ, მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა ქულებით და ვერცხლს დასჯერდა. ლუკას ევროპის პირველობაზე წასვლის თეორიული შანსი მაინც აქვს, მან 5-16 მაისს საწვრთნელ შეკრებაზე უნდა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ნაკრებში ყოფნას.
უმცროს ასაკში ვერცხლის მედლები აიღეს ზაზა თევზაძემ (23კგ.) და ზურაბ იაშვილმა (35კგ.). ზაზამ ფინალამდე ორი შეხვედრა მოიგო, ფინალში კი მინიმალური ანგარიშით 3-4 დათმო ადგილობრივ მოჭიდავესთან. ზურაბმა კი ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო ბრწყინვალე ილეთებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჯგუფის ფინალის მოგება, მასზე გამოცდილ და ძლიერ მოჭიდავესთან. ფინალშიც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ხობელ, გამოცდილ მოჭიდავეს, მეორე პერიოდში კი ოდნავ მოდუნდა, რითაც ისარგებლა მოწინააღმდეგემ და დროზე ადრე დაასრულა შეხვედრა.